ტურისტები ისრაელიდან 2024 წელს თურქეთს საქართველოს ამჯობინებენ – ბიზნესმენის მოსაზრება

წინასაახალწლო პერიოდში თბილისსა და ზამთრის კურორტებზე არსებული სასტუმროების უმეტესობა მთლიანად შევსებული იყო, აღნიშნა ბიზნესმენმა.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ტურისტები ისრაელიდან 2024 წელს თურქეთის მაგივრად საქართველოში დასვენებას აპირებენ, ამიტომ დარგს მაღალი დონის გადამხდელუნარიანი ვიზიტორების ზრდის კუთხით პოზიტიური მოლოდინები აქვს, განაცხადა საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა.
ისრაელი იმ ქვეყნების ტოპ–ხუთეულშია, საიდანაც საქართველოში იანვარ–სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა – 182.651 ადამიანი, რაც 2022 წლის სამი კვარტლის მონაცემზე 17,5%–ით მეტია და 21%–ით მეტი, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ისრაელის მოქალაქეები შევიდნენ იმ ქვეყნების მოქალაქეების ხუთეულში, რომლებსაც საქართველოსთვის შემოსავლები მოაქვთ. 2023 წლის ცხრა თვეში საქართველომ ტურისტებისგან ისრაელიდან 258,1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
„გვინდა გვჯეროდეს, რომ ებრაელი სტუმრები დაგვიბრუნდებიან. ებრაელები მოდიან და გვეუბნებიან, რომ წელს ისრაელი არ აპირებს თურქეთის კურორტებზე დასვენებას. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხულში ისრაელიდან საკმაოდ დიდ ნაკადი ჩამოვა, იმაზე გაცილებით მეტს ვიდრე აქამდე იყო. მსხვილი ტურისტულები გვიკავშირდებიან და წინასწარ ჯავშნიან“, – განაცხადა ალავერდაშვილმა მედიაპლატფორმა BMG–ის ეთერში.
ფედერაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ისრაელიდან დაჯავშნის აქტივაცია თებერვლიდან არის მოსალოდნელი.
გადახდისუნარიანი ტურისტების შესახებ საუბრისას ალავერდაშვილმა განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოს ბევრი სტუმარი ეწვია სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, მაგრამ 2023 წელს თურქეთმა მათ თავისი კურორტები გაუხსნა, რის გამოც ისინი არ ჩამოვიდნენ საქართველოში.
როგორ განვითარდება ტურიზმი საქართველოში 2024 წელს>>
„წელს უნდა შევეცადოთ დავაბრუნოთ ეს ხალხი საქართველოში, გლობალური პოლიტიკიდან გამომდინარეც ბევრი რამე იცვლება და ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ ჩვენდა სასიკეთოდ“, – განაცხადა მან.
ალავერდაშვილმა ასევე ზამთრის სეზონზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, წინასაახალწლო პერიოდში სასტუმროების უმეტესობა თბილისსა და ზამთრის კურორტებზე მთლიანად შევსებული იყო. მთის კურორტებზე ჭარბობდნენ სტუმრები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ხოლო თბილისში – სომხეთიდან.
„ახალი წლის პერიოდი ყოველთვის გადატვირთულია და წელსაც ძალიან კარგი ახალი წლის პერიოდი ჰქონდა მაღალმთიან კურორტებს. ძირითადად უცხოელი ტურისტებით იყო სასტუმროები სავსე. ახლა ისინი მიდიან სახლში, შესაბამისად, იანვარი საშუალო დატვირთულობას აჩვენებს“, – აღნიშნა ალავერდაშვილმა.
მისი თქმით, მაღალმთიან კურორტებზე ასევე იმყოფებოდა ბევრი წარმომადგენელი ინდოეთიდან, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
„იცით, რომ მათ აქვთ უფლება შემოვიდნენ საქართველოში ვიზის გარეშე და ისინი კარგადაც ხარჯავენ“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქის სასტუმროების 70% სომეხი სტუმრებით იყო დაკავებული. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის ცხრა თვეში საქართველოს სომხეთის 736 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შეადრებით 41,1%–ით მეტია.
თბილისი საშობაო მოგზაურობისთვის საუკეთესო ქალაქების სიაში მოხვდა>>
ალავერდაშვილის ინფორმაციით, კონკურენციიდან გამომდინარე, თბილისში როგორც ბრენდულ, ისე არაბრენდულ სასტუმროებში განთავსების ფასი შემცირდა.
„საშუალო ფასი ჯგუფური ჯავშნების დროს, ერთ ადამიანზე გამოდის 50$, ვსაუბრობ 4 ვარსკვლავიან სეგმენტში ორადგილიან ნომერზე საუზმით. წელს დედაქალაქს 10 ათასი საწოლით მეტი აქვს ვიდრე წინა წელს ამ პერიოდში ჰქონდა. ადრე 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროები ნაკლები იყო, ახლა პირიქით არის“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.
ტურიზმის წარმატებები
პანდემიის გამო ვარდნის შემდეგ ტურიზმის აღდგენა საქართველოში 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო.
გასული წელი ქართული ტურიზმისთვის ძალზე წარმატებული იყო. მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარ-დეკემბერში. 2023 წლის დასაწყისში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა, 2019 წელთან შედარებით, 58% შეადგინა.
საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტურიზმის განვითარებისთვის 236 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს.