თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში ოთხი კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს განმარტებით, საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ხუთი კომპანიის - „ავერსი", „გეფა", „პსპ", „მერმისი" და „ეს კა იმპექსის" მიმართ აწარმოებდა. საკითხის შესწავლის პროცესში „ეს კა იმპექსის" მიმართ დარღვევის ფაქტი არ დადგინდა.
„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ („ავერსი", „გეფა", „პსპ", „მერმისი") ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულ იქნა 42 მედიკამენტი, სადაც ოთხი კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს.
სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს: 23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით, 47 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით, 18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობით.
სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ:
კერძოდ, „ავერსი" 14.402.425 ლარით, „გეფა" (რომელშიც შედის „ჯიპისი" და „ფარმადეპო") 20.349.336 ლარით, „პსპ" 17.094.872 ლარით და „მერმისი" 951.301 ლარით დაჯარიმდა.
სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენდა.
საქართველოში 2023 წლის იანვრიდან გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება დაიწყო. წამლების სია მუდმივად ფართოვდება. ამჟამად სიაში 5 ათასზე მეტი დასახელებაა.
რეფერენტული ფასები ქრონიკულ, ონკოლოგიურ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიკოაგულაციურ, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებლებსა და ანტიბიოტიკებზე მოქმედებს.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
დეკემბრის შუა რიცხვებში ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება, ამასთან, სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტებს დიდ ფარმაცევტულ ქსელებში თითქმის იდენტური ფასი აქვს.
უწყებაში აღნიშნეს, რომ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ მედიკამენტებზე უახლოეს მომავალში რეფერენტული ფასები (ფასის ზედა ზღვარი) დაწესდება, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება.