თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ზამთრის საბურავების გამოყენება 2024 წლის 2 იანვრიდან საქართველოს როგორც საერთაშორისო, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის გზების გარკვეულ მონაკვეთებზე სავალდებულო იქნება.
მთავრობის დადგენილებით, პოლიცია აღნიშნულ პერიოდში არ გაატარებს ავტომობილს ზაფხულის საბურავებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძის, რიკოთის გვირაბი-წევას მონაკვეთებზე.
გარდა ამისა, კატეგორიულად აიკრძალება ზამთრის საბურავებით გადაადგილება მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე.
ასეთივე შეზღუდვები იმოქმედებს ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის დმანისის გადასახვევი- გუგუთის მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის ქვიშხეთი-ვალეს მონაკვეთზე, ასევე ზაჰესი-რუსთავის, ახალციხე–ნინოწმინდის მონაკვეთებზე.
ზაფხულის საბურავების მქონე ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება ახალქალაქი- თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე.
რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს, მსგავსი შეზღუდვები დაწესდება შემდეგი გზების გარკვეულ უბნებზე (მთლიანობაში 1,3 კმ): ბათუმი (ანგისა)-ახალციხე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი, ქუთაისი–ალპანა–მამისონი, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი, თბილისი–თიანეთი, თბილისი–მანგლისი, ვაზიანი–გომბორი–თელავი, ბაკურიანში, ჩოხატაური–ბახმარო და სხვ.
როგორი უნდა იყოს ზამთრის საბურავი
მოთხოვნების თანახმად, მთავრობის განსაზღვრული დადგენილებით, საბურავების დამზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი, დამზადების წელი უნდა ჩანდეს, საბურავის სარბენი ბილიკის ღარის (პროტექტორის) სიღრმე უნდა იყოს – არანაკლებ 3 მმ-ისა − M1, N1, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის; არანაკლებ 4 მმ-ისა − M2, M3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის; საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.
პოლიციის უფლებები
პოლიციელებს უფლება ექნებათ, შეამოწმონ ავტომობილის საბურავები ნორმებთან შესაბამისობაზე და ამისთვის შეუძლიათ ავტომობილის სავალი ნაწილიდან გადაყვანა მოითხოვონ. დათვალიერება მოხდება ვიზუალურად. პროტექტორის სიღრმის გასაზომად პოლიციის თანამშრომლებს უფლება აქვთ, გამოიყენონ სპეციალური მოწყობილობა.
თუ ავტომობილი მოთხოვნებს არ შეესაბამება, უფლება აქვთ, დააჯარიმონ მფლობელი, აუკრძალონ გამგზავრება და ჩამოართვან კიდეც ავტომობილი, თუ ის პოტენციურ საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
ჯარიმა შეადგენს 100 ლარს. ამასთან, მძღოლს დარიცხული 100–დან 5 ქულა ჩამოეჭრება.
პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ადმინისტრაციული დარღვევაა, ხოლო პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა – სისხლის სამართლის დანაშაული.