დანაშაულებრივ „ქოლ–ცენტრებთან“ ბრძოლა: დაადგინეს სავარაუდო ორგანიზატორები

Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ევროჯასთთან და გერმანიის კომპეტენტურ უწყებებთან ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამი ორგანიზატორის, ორგანიზებული ჯგუფის წევრის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზაციული ჯგუფის წევრებმა, საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე, ე.წ. ქოლ–ცენტრები მოაწყვეს.
ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
„ქოლ-ცენტრების" საქმე - პროკურატურამ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარმოადგინა>>
ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. სინამდვილეში კი, დაზარალებულთა მიერ ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილ ფულად თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ.
უკანონოდ მოპოვებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე მრავალჯერადი ფიქტიური ტრანზაქციების შედეგად, თანხის ჩართვა ხდებოდა ეკონომიკურ ბრუნვაში სხვადასხვა, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის მიზნობრიობით.

„აღნიშნული სქემით ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ხუთივე ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უძრავ ქონებებს, რითაც მათ არ მიეცათ მისი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.
დანაშაულებრივი წარმომავლობის ხსენებული ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს, აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი: კეზერაშვილი საერთაშორისო დონის თაღლითია>>
აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ორგანიზატორები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის რეგიონალური სასამართლოს მიერ კომერციული და ჯგუფური თაღლითობისთვის უკვე გასამართლდნენ.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების ორგანიზატორების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
ვინ დგას დანაშაულებრივი „ქოლ-ცენტრების" უკან
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ისრაელის მოქალაქე, იგივე „მისტერ ოფშორი“ დავით კეზერაშვილი დგას.
ევროპელ პენსიონერებს ტელეფონით არწმუნებდნენ, ჩაედოთ მომგებიანი კაპიტალდაბანდებები, სინამდვილეში კი მათ ფულს ითვისებდნენ. საუბარია ერთი მილიარდი დოლარის მითვისებაზე.
შალვა პაპუაშვილმა დასავლეთის ქვეყნებს კეზერაშვილის გადმოცემის თხოვნით მიმართა>>
თავად კეზერაშვილმა ВВС-ს სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებს „უკიდურესად მცდარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს კრიმინალურ ქოლ-ცენტრებთან. ექს-მინისტრმა მიმდინარე წლის მაისში ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელი ოფიციალურად შეიტანა.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ინტერვიუებს დანაშაულებრივი სქემის არაერთ მსხვერპლთან და იმ კომპანიების ყოფილ თანამშრომლებთან, რომლებიც თაღლითობით იყვნენ დაკავებული ქოლ-ცენტრების მეშვეობით. ბრიტანული მაუწყებელი ამტკიცებს, რომ ფლობს პენსიონერთან ქოლ-ცენტრის თანამშრომლის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც დასათაურებულია როგორც „უილიამი შვედეთი მოტყუებულია“. კომპანია ამ აუდიოჩანაწერს დღემდე იყენებს ახალი თანამშრომლების ტრენინგებზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომლებიც, სავარაუდოდ, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილია. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი“.
ამ ჯგუფის ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანია ესპანურ ფეხბურთის კლუბსაც კი აფინანსებდა და რეკლამებს აქვეყნებდა დიდ გაზეთებში, რითაც პოტენციური ინვესტორების ნდობას მოიპოვებდა.
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის“ ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
ირაკლი კობახიძე: თავდაცვის ექს-მინისტრი პენსიონერებს ძარცვავს და ოპოზიციას აფინანსებს>>
„პანამის დოკუმენტების“ თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში“ შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე“ არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რამე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის“ მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
გარდა ამისა, კეზერაშვილის კუთვნილმა რამდენიმე კომპანიამ გამოიყენა კერძო საფოსტო სერვერი, რომლითაც მხოლოდ „მილტონის ჯგუფი“ სარგებლობდა. მისი ვენჩურული ფირმა Infinity VC ფლობდა კომპანიების ბრენდინგსა და ვებ-დომენებს, რომლებიც თაღლითებს სავაჭრო პლატფორმების ტექნოლოგიებს აწვდიდნენ.
კეზერაშვილი ასევე ფლობს საოფისე შენობას კიევში, რომელშიც განთავსებული იყო როგორც თაღლითური ქოლ-ცენტრი EverFX, ისე ტექნიკური ფირმები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდიდნენ. აქ პოლიციამ ჩხრეკა 2022 წლის ნოემბერში ჩაატარა.
უფრო მეტიც, კეზერაშვილი სოციალურ ქსელებში თავის პირად აკაუნტებში ხშირად უწევდა რეკლამას თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს.
ტოქსიკური და სარისკო - დეპუტატი ქართულ პოლიტიკაში კეზერაშვილის მონაწილეობაზე>>
თავად კეზერაშვილი უარყოფს საერთაშორისო თაღლითურ სქემაში მონაწილეობას.
მისი თქმით, ბრალდებები მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება მის წინააღმდეგ 2012 წლიდან აწარმოებს.
ვინ არის კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა.
მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.