ჩინეთმა პირველად მიანიჭა მნიშვნელობა „შუა დერეფანს“ – ლევან დავითაშვილი

ფორუმის პარალელურად პირველად გაიმართა ქართულ–ჩინური ეკონომიკური კომისიის სხდომა, განაცხადა ვიცე–პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. ინიციატივა „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ არსებობის მთელი დროის განმავლობაში ჩინეთმა პირველად მისცა მნიშვნელობა ე.წ. შუა დერეფანს, რომელიც ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტრანზიტის თვალსაზრისით საქართველოსთვის ძალზე საინტერესოა, განაცხადა საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას დავითაშვილმა ქართული დელეგაციის ჩინეთში ვიზიტზე ისაუბრა, სადაც 18 ოქტომბერს საერთაშორისო თანამშრომლობის „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ მესამე ფორუმი გაიმართა.
„ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ფორუმი არის ინიციატივა, რომლის წევრიც საქართველოსთან ერთად არის, მათ შორის, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. საქართველო ამ ფორუმში ფიზიკურად მონაწილეობდა ყოველ ჯერზე, ფორუმის არსებობის დღიდან. ამ ფორუმში მონაწილეობდა, მათ შორის, რუსეთის ფედერაცია – თითქმის ყოველთვის, ამ ინიციატივის არსებობის დღიდან“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ქართული დელეგაცია ფორუმზე ჩინურმა მხარემ მიიწვია. ფორუმში 150 ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის, საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო–ეკონომიკური პარტნიორები, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა დონეზე – სახელმწიფოს მეთაურები, მინისტრები და ელჩები.
როგორც ვიცე–პრემიერმა განაცხადა, საქართველოს დასწრება ფორუმზე ჩინეთის სახელმწიფოსადმი პატივისცემის გამოხატულება იყო.
სტიმული ბიზნესისთვის – მინისტრის მოადგილე საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე>>
„ეს იყო პრეზიდენტ სი ძინპინის პირადი მოწვევა. მისი მოწვევა ფორუმზე, მათ შორის კომისიის ფარგლებში ჩვენი მონაწილეობა უმაღლეს დონეზე იყო მხარდაჭერილი ჩინეთის სახელმწიფოს მიერ და ჩვენი მხრიდან ამ მოწვევის იგნორირება აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იქნებოდა, გამომდინარე იმ დინამიკიდან, რომელიც დღეს ჩინეთთან გვაქვს, იგივე სავაჭრო ეკონომიკური კუთხით“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ამ ფორუმზე „შუა დერეფანი“ პირველად დასახელდა ჩინეთის პრიორიტეტებს შორის, ხოლო საქართველოს „დერეფნის“ ქვეყნებთან კოორდინაციის მაღალი ხარისხი აქვს, აღნიშნა დავითაშვილმა.
შუა დერეფანი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
რეგიონში მხოლოდ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან და ევროკავშირთან – პრემიერი>>
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება პრიორიტეტშია - ვიცე-პრემიერი>>
რაც შეეხება საქართველოს საგარეო კურსს, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით თანმიმდევრულია – სტრატეგიული მიმართულება და ხაზი ევროკავშირთან ინტეგრაციაა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა. გადაწყვეტილებას ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
თანამშრომლობა ჩინეთთან
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესება შუა დერეფანში - პრემიერი მსხვილი პროექტების შესახებ>>
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. 2022 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 19,7%-ით გაიზარდა და 736,7 მლნ დოლარი შეადგინა.
„ერთი გზა – ერთი სარტყელის" მესამე ფორუმი პეკინში 17–18 ოიქტომბერს გაიმართა ამავე სახელწოდების ინიციატივის ათი წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც სი ძინპინის მიერ იყო ინიცირებული.
ჩინეთმა 2013 წელს განაცხადა ეკონომიკური განვითარების ახალი სტრატეგიის „ერთი გზა – ერთი სარტყელი" შესახებ, რომელიც ევრაზიის ქვეყნების ინფრასტრუქტურის შექმნისა და კავშირების დამყარებისკენ არის მიმართული. სტრატეგია განვითარების ორ მიმართულებას მოიცავს – აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელსა და აბრეშუმის საზღვაო გზას. საუბარია სავაჭრო დერეფნის შექმნაზე შეღავათიან პირობებში საქონლის პირდაპირი მიწოდებისთვის აღმოსავლეთიდან დასავლეთში.