თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებს ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებეში“ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები გადაეცა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნული ტექნიკა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებზე გადანაწილდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებას, აღნიშნავს თავდაცვის სამინისტრო.
გარდა ამისა, თავდაცვის ძალებს ამერიკული წარმოების მრავალფუნქციური სარადარო სისტემები გადაეცა.
თავდაცვის ძალებისთვის გადაცემამდე ტექნიკამ საჩვენებელი გამოცდა გაიარა.
უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისა და აწყობის პროცესზე შპს „დელტა ინტერნეიშენალის“ და პოლონური კომპანია „ვებე ელექტრონიქსს“ მიერ დაარსებული საწარმო შპს „დელტა-ვებე“ მუშაობს.
სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით კომპანია „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ-ცენტრის გახსნასაც ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.
აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად მუშაობენ. საწარმო წელიწადში ასობით დრონის გამოშვებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანიაში WARMATE-ისა და FLYEYE-ს ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურები მიმდინარეობს.
უპილოტო საფრენი სისტემა FLYEYE განკუთვნილია მძიმე მეტეოროლოგიური და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესრულებისთვის. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით.
WARMATE – საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც ახასიათებს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას შეუძლია სხვადასხვა ტიპის ქობინების ტარება. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში, აგრეთვე ნატოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოების მიერ.
ცენტრ „დელტაში“ გაერთიანებულია ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.
„დელტას“ ბაზაზე იწარმოება 15 სახის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ქართული საბრძოლო მანქანები „ლაზიკა“, ჯავშანმანქანები „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვ.