ის, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, მმართველი პარტიის წისქვილზე ასხამს წყალს – დეპუტატი

ცნობილი გახდა, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი პარტიის წევრი აღარ არის.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წისქვილზე ასხამს წყალს, განაცხადა დეპუტატმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ ბექა ლილუაშვილმა.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ამ პოსტზე მისი წინამორბედი – ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის. ეს ინფორმაცია შემდეგ პარტიაში ოფიციალურად დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ საკითხი დახურულია.
„ასეთი პროცესები იმის გაგრძელებაა, „ოცნებამ“ რომ გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტარჩევნებში, მაგის გაგრძელებაა ზუსტად, წყალს ასხამენ „ქოცების“ წისქვილს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
მან ოპოზიციურ პარტიაში მოვლენებს ცირკი უწოდა და განაცხადა, რომ ასეთის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ სერიოზულად აღქმა არ შეიძლება.
„ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის სკანდალური განცხადება: მელია პარტიის წევრი აღარ არის>>
მანამდე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რომ კონფლიქტი ოპოზიციურ პარტიაში მმართველ ძალას წაადგება და არჩევნების დამაჯერებლად მოგების საშუალებას მისცემს.
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში"
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
ადრე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე „უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში".
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
ერთიანობის მანიფესტი: სააკაშვილის გეგმა ჩავარდა>>
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
განხეთქილების უარყოფითი შედეგი
„ნაცმოძრაობამ" განხეთქილება 2017 წლის დასაწყისში ერთხელ უკვე გადაიტანა. მაშინ პარტიის შიგნით დაპირისპირების გამო პარტიიდან ათობით ლიდერი წავიდა.
განხეთქილების შემდეგ პარტიის რეიტინგი მაშინვე დაახლოებით 10%–ით დაეცა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 27,11% შედეგი აჩვენა, შემდეგ წელს კი პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე მხოლოდ 17,66% მიიღო.
2016 წლის რეიტინგთან დაბრუნება „ნაცმოძრაობამ" მხოლოდ 2020 წლლის არჩევნებზე შეძლო, ხოლო 2021 წელს მან გააუმჯობესა თავისი მაჩვენებელი.
უცხოეთში სულ უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს რევოლუციურ სცენარს საქართველოში: რამაზ საყვარელიძე>>
ახლა პარტია კვლავ განაგრძობს მომხრეების დაკარგვას, რაზეც სხვადასხვა რეიტინგი მეტყველებს.
პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ, როდესაც მისი თავმჯდომარე ნიკა მელია იყო, ამჟამად ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს