საქართველოს ახალი მოთხოვნები წაუყენეს - ევროკომისიის ანგარიში

ევროკომისია აძლევს ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას,მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი დათქმით, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის ცხრა ნაბიჯს გადადგამს, ნათქვამია დოკუმენტში.
Sputnik
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა. გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება მიღებული.

„2022 წლის ივნისიდან მიღწეული შედეგების ფონზე 12 პრიორიტეტის ფარგლებში და მის მიღმა, კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს იმ გაგებით, რომ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები“, - ნათქვამია დასკვნაში.

ევროკომისიამ დაასახელა ცხრა ნაბიჯი, რომელიც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე უნდა გადადგას.

ნაბიჯი პირველი: ბრძოლა დეზინფორმაციასთან

პირველი ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას - ებრძოლოს დეზინფორმაციას, უცხოური ინფორმაციით მანიპულირებასა და ჩარევას, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.
ევროკომისიის ანგარიში - შენიშვნები სახელმწიფო მმართველობასთან დაკავშირებით >>
ეს ევროკავშირის ახალი პირობაა, რომელიც არ იყო 12 რეკომენდაციის სიაში, რომლებიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

ნაბიჯი მეორე: საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის პოლიტიკასთან

მეორე ნაბიჯი: გააუმჯობესოს საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებს, მათ შორის რეზოლუციებს, რომლებიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ადამიანის უფლებათა საბჭომ და ევროპულმა საბჭომ მიიღო, მაგრამ არ შეუერთდა შემაკავებელ ზომებს (სანქციებს) რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მიმართ და ამ საკითხთან დაკავშირებით უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციებს.
ევროკომისიის ანგარიში - შენიშვნები სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით >>
ევროკომისიის თქმით, საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან ძირითადად არ შეცვლილა (44% - 2022 წელს, 43% - 2023 წლის აგვისტოში).

მესამე ნაბიჯი: დეპოლარიზაცია

მესამე ნაბიჯი ეხება ქართული საზოგადოების დეპოლარიზაციის საკითხს. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, ასეთი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის შემდგომი გადაჭრა, მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის საკითხებზე.
ევროკომისიის ანგარიში - შენიშვნები პოლარიზაციასთან დაკავშირებით >>
ევროკომისიის აზრით, პოლიტიკური დეპოლარიზაცია და უფრო პოზიტიური ურთიერთქმედება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აუცილებელია ეროვნული ინტერესების საკითხებზე კონსენსუსის მისაღწევად.
ძლიერი პარტიათაშორისი პოლიტიკური კონსენსუსის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს პოლარიზაციის პრობლემის მოგვარებას და საქართველოს ევროპული გზის დაჩქარებას, მიიჩნევს ევროკომისია.

ნაბიჯი მეოთხე: არჩევნები

ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი, კერძოდ, 2024 წელს და სრულად გაითვალისწინოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. ასევე უნდა დასრულდეს საარჩევნო რეფორმები, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნებამდე ბევრად ადრე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება. ამჯერად დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ - არჩევნები სრულიად პროპორციული იქნება და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5%-ს შეადგენს.
პარტია, რომელიც უმრავლესობას მოიპოვებს, წარადგენს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მთავრობას შექმნის.

ნაბიჯი მეხუთე: საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება

საქართველოსთვის მეხუთე ნაბიჯად დასახელდა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე.
საქართველომ უნდა უზრუნველყოს ძირითადი ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.
პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციების გაძლიერების მიზნით, რეგლამენტში უკვე შევიდა ფუნდამენტური ცვლილებები - გაუმჯობესდა „მინისტრის საათის“ და საკომიტეტო მოსმენების პროცედურები, შემცირდა საპარლამენტო კითხვებზე პასუხის გაცემის ვადა. გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პარლამენტის სხდომებზე დეპუტატების კონკრეტულ შეკითხვებზე მინისტრებისა და უწყებების ხელმძღვანელების სავალდებულო პასუხების საკითხი უნდა გაუმჯობესდეს.

ნაბიჯი მეექვსე: სასამართლო რეფორმა

საქართველოსთვის კიდევ ერთი აუცილებელი ნაბიჯი იქნება – დაასრულოს და განახორციელოს სასამართლოს სრული და ეფექტური რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული შესრულება, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის დაცვით.
ევროკომისიის ანგარიში: შენიშვნები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით >>
ევროკომისიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პროგრესზე სასამართლო რეფორმის მიმართულებით. ევროკომისიის აზრით, სასამართლო რეფორმა მოიცავდა ნაბიჯებს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობის, მოსამართლეების დანიშვნის დასაბუთების, მოსამართლეთა დისციპლინური ზომებისა და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, რაც თავის თავად პროგრესია.
მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმა კვლავაც საჭიროა, აღნიშნულია ანგარიშში.

ნაბიჯი მეშვიდე: ინსტიტუტების დამოუკიდებლობა

საქართველოსთვის კიდევ ერთი ნაბიჯი - გადაჭრას ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობის საკითხები და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.
ევროკომისიის რეკომენდაცია: შენიშვნები კორუფციასთან ბრძოლის სფეროში >>
საქართველომ უნდა შეასრულოს ამ ორგანოებთან დაკავშირებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ინკლუზიური პროცესის ფარგლებში, მიაჩნია ევროკომისიას.
გარდა ამისა, საქართველომ ინკლუზიურ პროცესის ფარგლებში შეასრულოს ამ ორგანოებთან დაკავშირებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. დაამკვიდროს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების გამოძიების სოლიდური გამოცდილება;

ნაბიჯი მერვე: დეოლიგარქიზაცია

საქართველომ უნდა გააუმჯობესოს მიმდინარე სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციისადმი მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, აწარმოოს გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება.
დეოლიგარქიზაციის მისაღწევად სამოქმედო გეგმა შემუშავდა ვენეციის კომისიის და ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე 2023 წლის ოქტომბერში.
დოკუმენტი მოიცავს ცვლილებათა პაკეტს, რომელთა იმპლემენტაცია სისტემურად უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობაში, სადაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების კონკრეტული ვადებია გაწერილი.
ის ეხება შვიდ სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორისაა ანტიკორუფციული და ანტიმონოპოლური მიმართულება, ფულის გათეთრების და მედიის პლურალიზმის საკითხები, ასევე მართლმსაჯულების სფეროში გასატარებელი ღონისძიებები.

ნაბიჯი მეცხრე: ადამიანების უფლებების დაცვა

ბოლო, მეცხრე ნაბიჯი, რომელიც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე უნდა გადადგას, არის ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით.
საქართველოს მიესა რეკომენდაცია, დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები მოწყვლადი ჯგუფების, მედიის პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების წინააღმდეგ საფრთხეებთან დაკავშირებულ საქმეებზე და მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს ძალადობის ორგანიზატორები და დამნაშავეები.
გარდა ამისა, ევროკომისია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიაროს კონსულტაცია და ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც საშუალებას მისცემს მათ, მნიშვნელოვნად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, რა დროსაც თავისუფლად მუშაობას შეძლებენ.

საქართველო და ევროკავშირი

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა, თითქმის იგივე პერიოდში განაცხადები უკრაინამ და მოლდოვამაც შეიტანეს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. მაშინ სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს სტატუსის არმინიჭება უსამართლო გადაწყვეტილება იყო, რადგან საქართველო ჯერ კიდევ მაშინ ყველა კრიტერიუმით უსწრებდა უკრაინასა და მოლდოვას.