თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეკრება საქართველოში 2–5 მაისს გაიმართება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საორგანიზაციო საკითხები მთავრობის აპარატში თათბირზე განიხილეს, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.
პრემიერმა სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა, რათა წლიური შეხვედრა მაღალ დონეზე ჩატარდეს.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში პირველად ჩატარდება.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 4000-ამდე მონაწილე და მაღალი რანგის სტუმარი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, 68 წევრი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთა წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.