მსოფლიო დღეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰესბოლას“ რვა ობიექტს დაარტყეს - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელის საჰაერო ძალებმა ღამით ლიბანში „ჰესბოლას“ ობიექტებს შეუტია, იუწყება ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების პრეს-სამსახური.
ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზეა გამოქვეყნებული, „ჰესბოლას“ რვა ობიექტზე თავდასხმაა ასახული.

„ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში ტერორისტული ორგანიზაცია „ჰესბოლას“ ობიექტებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყა ორშაბათს ისრაელის მიმართულებით ცეცხლის გახსნის საპასუხოდ“, — ნათქვამია ვიდეოს განმარტებაში.

გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის არმიამ წუხელ ღაზის სექტორსაც შეუტია და „ჰამასის“ კუთვნილი 200-ზე მეტი ობიექტი დაბომბა.
ცაჰალის ცნობით, მათ შორის იყო „ჰამასის“ შტაბ-ბინა, სადაც მოძრაობის რამდენიმე წევრი დაიღუპა, ასევე ბანკი, რომლითაც რადიკალური მოძრაობა სარგებლობდა.
არსებული ცნობით, ღამის შეტევაში ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებიც მონაწილეობდა, რომელმაც „ჰამასის“ სარდლობის ცენტრებსა და იარაღის საწყობებს დაარტყა ღაზის სექტორში.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს („ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი) ბოლო მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 2.778-მდე გაიზარდა, კიდევ 59 ადამიანი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაიღუპა. დაშავებულია 10.850 ადამიანი ღაზაში და 1.176 იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
არსებული ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 108 პალესტინელი დაიღუპა. ამასთან ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ასობით ადამიანია მოყოლილი.
რაც შეეხება ისრაელს, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 1,4 ათასზე მეტი და დაშავდა 4,1 ათასი კაცი.