თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ინდივიდუალურად მუშაობს ევროკავშირის თითოეულ ქვეყანასთან, რათა მოიპოვოს მხარდაჭერა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„ჩვენ ინდივიდუალურად ვმუშაობთ ყველა წევრ ქვეყანასთან, მათ შორის უნგრეთთანაც, რათა მისი ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ოთხშაბათს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც არაერთხელ უსაუბრია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე.
„ჩვენი საერთო მიზანი არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
როგორც დარჩიაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის საქართველომ ევროკავშირის ბევრი ქვეყნის მხარდაჭერის გარანტია მოიპოვა.
„უნგრეთის და ევროკავშირის ბევრი სხვა ქვეყნის ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს იმასთან მიმართებით, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მიიღებს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის და შემდგომ უკვე წევრობის მოპოვების საკითხში.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია - ესაა გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, არაერთხელ უთქვამთ, რომ იმედი აქვთ ევროკავშირის სამართლიანი გადაწყვეტილების, რომელიც ქვეყნის დამსახურებებიდან გამომდინარე უნდა იქნას მიღებული.