პრემიერი: საქართველო ევროკავშირის სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2023
გამოწერა
ღარიბაშვილმა ორბანს ქვეყნის ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ამ გზაზე მეგობარი უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო შეუქცევადად მიჰყვება ევროპულ გზას და წლის ბოლომდე ელოდება ევროკავშირის სამართლიან გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.

„ევროინტეგრაციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო შეუქცევადად მიჰყვება ევროპულ გზას... პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ უზრუნველყო 12 პრიორიტეტის შესრულების ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი და წლის ბოლოს ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია", – ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღარიბაშვილმა ორბანს ქვეყნის ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ამ გზაზე მეგობარი უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას.
მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაჯამეს.
შეხვედრაზე პოლიტიკოსებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უნგრეთის მჭიდრო პარტნიორობა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც გულისხმობს ვიზიტების რეგულარულ გაცვლას და დარგობრივი კავშირების გაფართოებას.
„მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში მთავრობათშორისი სამიტის გამართვა ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის პრაქტიკაში განხორციელების ნაწილია", – ნათქვამია განცხადებაში.
მხარეებმა ასევე შეაჯამეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ 2023 წელს 21%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და 46,62 მლნ დოლარს შეადგენს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ და მნიშვნელოვანია, არსებული შესაძლებლობები სრულად იქნეს გამოყენებული. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვით ისეთ სექტორებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ლოჯისტიკა, ტურიზმი და სხვა სფეროები.
ორი ქვეყნის პრემიერებმა კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე იმსჯელეს.

„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ინიცირებული ფლაგმანური პროექტების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სრული პოტენციალის რეალიზაციისთვის და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით საერთო მიზნების მიღწევაში", – ნათქვამია განცხადებაში.

შეთანხმებას, რომლის თანახმად ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0