თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არაფორმალური მმართველობაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ნაცმოძრაობას" რთული პერიოდი უდგას. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. მელია აცხადებს, რომ ხაბეიშვილი ფორმალური ლიდერია და სინამდვილეში პარტიას ვანო მერაბიშვილი (შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი) და დავით კეზერაშვილი (თავდაცვის ყოფილი მინისტრი) მართავენ.
„კეზერაშვილი არის არაფორმალური მმართველი და ხაბეიშვილი ფორმალური თავმჯდომარე. ამ პარტიაში პრობლემა არაფორმალური მმართველობაა. ჩვენ არ გვაქვს ასეთი საკითხები პარტიაში", – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
ოპოზიცია სუსტი კი არა, მართლა დაშლილი, მოშლილი, ჩაშლილია, აღნიშნა კობახიძემ. მისი თქმით, რაც უფრო მეტი დაპირისპირება იქნება „ნაცმოძრაობაში", მით უკეთესი.
„თვითონ სააკაშვილი არის ამ დაპირისპირების მონაწილე... მათ შიდა საქმეებში ჩვენ არ ჩავერევით. პირიქით, მგონია, რომ ეს შიდა დაპირისპირებები ძალიან კარგია, ამ კუთხით მათ მაქსიმალურად უნდა მივცეთ თავისუფლება", – განაცხადა კობახიძემ.
სააკაშვილმა უფრო ადრე „ნაცმოძრაობის" წევრებს მიმართა, ძველი თანამებრძოლი, ამჟამად „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ახსენა და აღნიშნა, რომ ვინც მის გზას გაჰყვება, მასავით „განულდება". ამის პასუხად ბოკერიამ განაცხადა, რომ როდესაც პოპულიზმი, ბელადის თაყვანისცემა ავტომატურად ხდება ოპოზიციური პარტიისთვის მისაღები, ეს პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
ამავე დროს ნიკა მელიას მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ სააკაშვილის განცხადების ადრესატი პარტიის ახალი ხელმძღვანელობაა ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით.
ხაბეიშვილი, თავის მხრივ, დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მიმართვა სწორედ მელიასა და მის მომხრეებს ეკუთვნოდა, რომლებიც აკრიტიკებენ „ნაცმოძრაობას" იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება გააკრიტიკონ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა" და ასევე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარედ ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.