„ქართული ოცნება" შოვის ტრაგედიაზე „ნაცმოძრაობის" მიერ მომზადებულ ანგარიშს არ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წარმომადგენელი არ ჩასულა ტრაგედიის ადგილზე და თავისი თვალით არ უნახავს სტიქიის შედეგები, აცხადებს „ქართული ოცნება“.
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დისტანციურად გაკეთებული დასკვნები შოვის ტრაგედიის შესახებ მხოლოდ მათ რეალურ მიზნებსა და ზრახვებზე მიუთითებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მისმა პარტიამ 3-15 აგვისტოს შოვში ტრაგედიის გამოძიების შედეგებზე შუალედური ანგარიში მოამზადა. მისი თქმით, მათ აღადგინეს მოვლენების ქრონოლოგია და გამოავლინეს კონკრეტული მაღალჩინოსნების გულგრილობა, რამაც ადამიანების დაღუპვა გამოიწვია.

„ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წარმომადგენელი ადგილზე არ ჩასულა, არ გასცნობია კონკრეტულ ფაქტებს, თავისი თვალით არ უნახავს ის ტრაგედია და მისი შედეგები. ამის ფონზე დისტანციურად გაკეთებული გარკვეული დასკვნები მათ რეალურ მიზნებსა და ზრახვებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს", – განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტია მომხდარი ტრაგედიის ხარჯზე ქულების ჩაწერას ცდილობს.
„ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ყველა ვითარება, მათ შორის ასეთი უდიდესი ტრაგედიაც კი გამოიყენოს, რათა ძლიერი პრემიერ-მინისტრის, ძლიერი მთავრობისა და ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოებაში გარკვეული სიბრაზე შეიტანოს და კითხვის ნიშნები გააჩინოს. „ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოებაში ნდობა სრულად აქვს დაკარგული", – განაცხადა მიქანაძემ.
დეპუტატის თქმით, საზოგადოება ხედავს, რა მოცულობის სამუშაო ჩაატარა ხელისუფლებამ და ამის შედეგს „ნაციონალური მოძრაობა" თავისი თვალით ერთ წელიწადში, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ნახავს.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „ნაცმოძრაობის" განცხადება იმაზე, რომ მთავრობის რეაქცია გაჭიანურდა, უსაფუძვლოა.
სარჯველაძე კომისიის შექმნის მომხრე ოპოზიციაზე: ტრაგედიის ადგილზე არც ჩასულან>>
„სახელმწიფოს, ხელისუფლების მხრიდან პირველივე წამიდან იყო რეაგირება და იმის განცხადება, თითქოს რეაგირება დაგვიანებული იყო, უსაფუძვლოა და არის იმის მცდელობა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ეს საკუთარი პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენოს", – განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, საზოგადოებამ რიგი კვალიფიციური, საიმედო ექსპერტების განცხადებები მოისმინა, რომლებმაც პირდაპირ და არაორაზროვნად თქვეს, რომ ეს იყო სტიქიური უბედურება, რომლის შეჩერება შეუძლებელი იყო.
„ეს იყო მყისიერი მოქმედება, რომლის შედეგადაც რამდენიმე წუთში განვითარდა ტრაგედია, ეკოლოგიური კატასტროფა და ფიზიკურად ადამიანების გადარჩენა იმ რამდენიმე წუთში, ან მათი წინასწარ შეტყობინება შეუძლებელი იქნებოდა", – დასძინა დეპუტატმა.
კომისიის შექმნის ინიციატივით, რომელიც გამოიძიებდა შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს, გამოავლენდა პასუხისმგებელ პირებს, ასევე იმას, შეიძლებოდა თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება და სახელმწიფო უწყებების უკეთ მოქმედება, ოპოზიციის ნაწილი გამოვიდა, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", პარტია „ლელო საქართველოსთვის", პარტია „ხალხისთვის".
გამოძიების დასაწყებად მიზეზი არ არსებობს - „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის მოთხოვნას უპასუხეს>>
საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერაზე. ამ დროისათვის აღმოჩენილია 29 ადამიანის ცხედარი. ეძებენ კიდევ ოთხ ადამიანს.
სტიქიის ზონაში მუშაობს მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა. პირველივე დღეებში მაშველებმა უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) მიმდინარეობს. საქმეს საქართველოს პროკურატურა იძიებს.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
კალაძე: სამწუხაროა, რომ ტრაგედიის დროს გაერთიანების ნაცვლად სპეკულაციებს ვხედავთ>>
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.