თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. კურორტ შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მაშველებმა გააფართოვეს ძებნა-შველის სამუშაოების ჩატარების არეალი, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
ბოლო მონაცემებით, შოვში 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ხიდები, შოვში შესასვლელი გზა. ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი. მღებრიშვილის თქმით, მაშველები 16 დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის შვიდ ბავშვს. საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
მაშველები მუშაობენ ტერიტორიაზე, რომელიც ათ კილომეტრს მოიცავს. ამ ეტაპზე ძებნა-შველის სამუშაოები მდინარის მარჯვენა ნაპირზე მიმდინარეობს.
მღებრიშვილის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით.
მისი თქმით, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში დღეს მაშველების მიერ ნაპოვნია მოზარდის ცხედარი.
„სტიქიის ზონაში, დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის პოვნა და პროზექტურაში გადასვენება. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს, აქტიურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გზის 70% გაყვანილია და სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მღებრიშვილის თქმით, ძებნა-შველის ოპერაციაში მოხალისეების ჩართვის საჭიროება არ არის.
„თუ მაინც დადგა დღის წესრიგში მოხალისეთა კომპონენტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აქვს მოხალისეების სპეციალური ბაზა, რომელთა მობილიზებაც ორგანიზებულად მოხდება“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
მიწის მასამ თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მისკენ მიმავალი ხიდები და გზა. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასა ჩამოვიდა. მათი ვარაუდით, ამ ეტაპზე შოვში მსგავსი სტიქიური უბედურების გამეორების საფრთხე არ არის.