თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოში იმ მედიკამენტების რაოდენობა, რომლებზეც სახელმწიფომ რეფერენტული ფასები შემოიღო, თითქმის 900-ით გაიზარდა და ამჟამად სიაში 2.313 დასახელებაა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ბრძანებაში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.
ამჟამად რეფერენტული ფასები ვრცელდება პრეპარატებზე, რომლებიც განკუთვნილია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
წამლების ჩამონათვალს რეფერენტული ფასებით შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
საქართველოში გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. წამლების სია მუდმივად ფართოვდება.
რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება. სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ. ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ დაახლოებით 40%-ით შემცირდა.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. თავდაპირველად გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე.
საქართველოში ასევე გაიხსნა წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის.