თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველომ სერიოზულ პროგრესს მიაღწია ინსტიტუციური დემოკრატიის აშენების მიმართულებით, ადამიანის უფლებების დაცვის ჩათვლით, და ქვეყანა წინსვლას განაგრძობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ.
ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში 2022 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ნათქვამია, რომ საქართველოში მთლიანობაში ადამიანის უფლებების დაცვის მყარი სისტემა არსებობს კანონმდებლობისა და პოლიტიკის ჩათვლით, რაც შეესაბამება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს. თუმცა, ძალისხმევაა საჭირო სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში.
„ხელისუფლება რეფორმებს ატარებს და ეს შეუმჩნეველი არ დარჩა ევროკავშირს. დაფასება შესაბამისი და პოზიტიურია, რომ ქვეყანას აქვს გამართული სისტემა ადამიანის უფლებების დაცვის სექტორში. ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობის მიმართულებით საქართველოს სერიოზული პროგრესი აქვს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით", – განუცხადა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება შედეგებით უნდა დაკმაყოფილდეს და არ ჰქონდეს მიღწეულის განმტკიცების სამომავლო ხედვა.
სარჯველაძის თქმით, როდესაც აქცენტი კეთდება ანტიკორუფციულ მიმართულებაზე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო თავისი მაჩვენებლებით ერთ-ერთი სამაგალითო სახელმწიფოა. კერძოდ, საქართველოს, მდგრადი სისტემის არსებობის წყალობით, უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, აღნიშნა დეპუტატმა.
„ვერ დავარქმევდი, რომ ამ ნაწილში შენიშვნაა. ალბათ გამოყოფილია პრიორიტეტული მიმართულება, რა თვალსაზრისით უნდა გააგრძელოს სახელმწიფომ მუშაობა. სახელმწიფომ სვლა იმ მიმართულებით უნდა გააგრძელოს, საითაც აქამდე მოძრაობდა", – აღნიშნა სარჯველაძემ.
საქართველოში მუშაობისას ევროკავშირი ხელმძღვანელობს ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ევროკავშირის მოქმედებათა გეგმით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2020-2024 წლებში.
ევროკავშირის ანგარიში დეტალურად იხილეთ ბმულზე.