საქართველოს პრემიერი ჩინელ ინვესტორებს ანაკლიის პორტის შესახებ ესაუბრა

პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღებას შეძლებს, განაცხადა ღარიბაშვილმა.
Sputnik
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინურ–ქართულ ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება, დანარჩენი – კერძო პარტნიორის, რომელსაც კვალიფიკაციის კრიტერიუმებიდან და წინადადების პირობებიდან გამომდინარე შეარჩევენ.
პრემიერის თქმით, ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით.

„ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელიც შეძლებს PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღებას და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ე.წ. შუა დერეფანი განსაკუთრებით გამოიკვეთა, როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის სატვირთო გადაზიდვებისთვის.
„შუა დერეფანი შედგება ორი ძირითადი მარშრუტისგან. ესენია: ბაქო–თბილისი–ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზი, რომელიც აზერბაიჯანს სახმელეთო გზით აკავშირებს თურქეთთან საქართველოს გავლით; და საქართველოს შავი ზღვის პორტები, რითაც საზღვაო კავშირი მყარდება ევროკავშირთან“, – განაცხადა პრემიერმა.
მან აღნიშნა, რომ ეს დერეფანი გამოირჩევა, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებელი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა, რომელიც დროის მნიშვნელოვან უპირატესობას სთავაზობთ საზღვაო მარშრუტთან შედარებით, რომელიც 20-25 დღეში გულისხმობს საქონლის გადაზიდვას. საქართველოს გავლით კი ჩინეთის საზღვრიდან ევროკავშირის ბაზარზე ტვირთის შეტანას 15 დღემდე სჭირდება.
ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტით საერთაშორისო ინვესტორები დაინტერესდნენ>>
2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“, რომელიც ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს. მთავრობის გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა.
ანაკლიის პორტი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას>>
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
მალე - პრემიერი ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაზე>>
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.