თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეები ვერ აღწევენ კონსენსუსს საქართველოსთვის საკვანძო საკითხზე – რუსულმა, აფხაზურმა და ოსურმა დელეგაციებმა კვლავ უარი თქვეს ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულების საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის განხილვაზე.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 58-ე რაუნდი 11–12 ივლისს გაიმართა. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.
მოლაპარაკებების მსვლელობისას ქართულმა მხარემ დააყენა უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სახის პრობლემები საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს სამხედრო წვრთნებთან, ადმინისტრაციულ ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
რუსეთის საგარეო უწყებამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ვითარება სასაზღვრო ზოლში ძირითადად სტაბილურია.
სიტუაციის კონტროლი შესაძლებელია მხარეების თავშეკავების, ასევე „ცხელი ხაზებისა“ და ერგნეთში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის წყალობით, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, შემდეგი ნაბიჯი უნდა გახდეს ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ანალოგიური საქმიანობის აღდგენა აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე.
„სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას ხელს შეუწყობდა ქართულ–აფხაზური და ქართულ–სამხრეთოსური საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება შემდგომი დემარკაციით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ჟენევის მოლაპარაკებების დროს ქართულმა დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობაზე.
რუსეთმა, თავის მხრივ, კვლავ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია „საგნობრივი მუშაობა იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებაზე“ ძალის არგამოყენების თაობაზე ოფიციალურ თბილისსა და სოხუმს და ცხინვალს შორის.
„ასეთი დოკუმენტის აქტუალობა განსაკუთრებით იზრდება აშშ-ისა და ნატოს სამხედრო-სამწვრთნელო აქტიურობის ფონზე ამიერკავკასიაში, ასევე კვლავ დღის წესრიგში მდგარ გეგმებზე ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან საქართველოს შეერთების საკითხზე“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
როდესაც ქართულმა მხარემ დააყენა იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი საკუთარ სახლებში, რუსეთის, დე–ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა, ტრადიციულად, დატოვეს მოლაპარაკებები. ქართული მხარისთვის ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში.
„კონსტრუქციული მუშაობის მოგვარებას ჰუმანიტარული მიმართულებით კვლავ ხელს უშლის საქართველოს მიერ ყოველ წელს შეტანილი გაეროს გენასამბლეის პოლიტიზებული რეზოლუცია დევნილებისა და ლტოლვილების თაობაზე. მორიგი კენჭისყრა ამ საკითხზე ახლანდელი რაუნდის წინ გაიმართა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ ლტოლვილების დაბრუნება საკუთარ სახლებში ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლებელია, რადგანაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს კვლავ უარს ეუბნებიან ნიუ-იორკის არენაზე მისაწვდომობაზე, რათა „თავიანთი პრინციპული პოზიცია“ გამოთქვან.
2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.