გერმანიამ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ძალისხმევა შეაფასა

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, განაცხადა პრეზიდენტმა.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. პროგრესი, რასაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მიაღწია, გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარის ბერბელ ბასის და საქართველოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრების მთავარი თემა გახდა.
ბერბელ ბასი შეხვდა ჯერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, შემდეგ კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
პრემიერთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს.
გენერალი ბენ ჰოჯესი: დასავლეთი საქართველოში გავლენებს კარგავს >>
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის მიღწევის საკითხში.
შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა ურყევია. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველომ გერმანიის სრული მხარდაჭერა მოიპოვა.

„გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ამ გზას საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს. ქართველი ხალხი აფასებს გერმანელი ერის მხარდაჭერას“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ბერბელ ბასთან შეხვედრის ვიდეოს კომენტარში.

ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საქართველოს საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.