თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. წარსულზე არ ვისაუბროთ და იმედი ვიქონიოთ, რომ აშშ-ის მომდევნო ელჩი საქართველოში არ დაუჭერს მხარს და არ დააფინანსებს პოლარიზაციას ქვეყანაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ასე გამოეხმაურა კობახიძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ელჩი კელი დეგნანი აფინანსებს და აღვივებს პოლარიზაციას საქართველოში. განცხადების თანახმად, დეგნანი აფინანსებს ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს ქვეყანაში.
„მე ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის იმის გამო, რომ ელჩი (დეგნანი) მალე შეიცვლება. აღარ მინდა წარსულზე საუბარი. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საჭიროა მომავალზე კონცენტრირება.
„წინ უნდა გავიხედოთ და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, შეურაცხმყოფელი განცხადებების, ბილწსიტყვაობის წახალისება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ელჩი სხვანაირად იმოქმედებს. ახალი ელჩის კუთხით ჩვენ ეს იმედი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა კობახიძემ.
კელი დეგნანის, როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩის უფლებამოსილების ვადა წელს იწურება. მას რობინ დანიგანი შეცვლის. დეგნანი ამერიკულ დიპლომატიურ მისიას 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ შექმნილი „ხალხის ძალის“ განცხადებას, ის გაკეთა ბორჯომში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სადაც კონსერვატიული მიმართულების აქტივისტებმა ჩაშალეს სემინარი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტი“.
პარტიამ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ბორჯომში „ლიბერალური აკადემიის“ უკვე მეხუთე ბანაკი შეკრიბა, მაგრამ მოწინააღმდეგეებმა ის ჩაშალეს. სემინარის მონაწილეებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ისვრიან მომიტინგეები ქვებს სასტუმროს ეზოში, სადაც უნდა გამართულიყო ღონისძიება, და შეურაცხყოფას აყენებენ ორგანიზატორებს. საპროტესტო აქცია ბორჯომში სასტუმროსთან გამართა კონსერვატიულმა მოძრაობამ „საქართველო უპირველეს ყოვლისა“.
თავის მხრივ, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ე.წ. თავისუფალი უიკენდების მიზანია რევოლუციური სცენარების მომზადება ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად.
მოგვიანებით კონსერვატიულმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომ ეს არანაირი ტრენინგი არ არის ბავშვებისთვის, არამედ ახალგაზრდების მომზადებაა რევოლუციური მიზნებისთვის, რაც დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობის საბაბით საზღვარგარეთიდან ფინანსდება.
იქვე ნათქვამია, რომ მოძრაობა არასდროს მისცემს ნებას „დესტრუქციულ ძალებს“, ეკლესიის მტრებსა და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მსურველებს, რომ ახალგაზრდობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ განაწყონ.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ სემინარები საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად არ აღმოჩნდა. უფრო ადრე გამოქვეყნებული ფოტო- და ვიდეომასალების მიხედვით, რომელიც ე.წ. თავისუფალი უიკენდების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, ეს არის ტრენინგი, რომ ახალგაზრდებს, მათ შორის, იარაღთან მოპყრობა ასწავლონ. ამისთვის სემინარებზე მენტორები ჩადიან.
მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ტელეკომპანია „იმედმა“ სკანდალური აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. 2022 წლის სექტემბერში ფარულად ჩაწერილი აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერები საუბრობენ, რომ ე.წ. თავისუფალი უიკენდები უნდა გადაიქცეს საპროტესტო მოძრაობად და პარტიის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს რევოლუციონერის როლის შესრულება მოუწევს.