თბილისი, 14 მაისი – Sputnik. თურქეთში მიმდინარე არჩევნებს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი სამხარაძემ.
თურქეთში კვირას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის მსურველთათვის საარჩევნო უბნები გაიხსნა, ისინი ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე იმუშავებს.
„მე ვარ საერთაშორისო დამკვირვებელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან. ამ არჩევნებს აკვირდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან 100-ზე მეტი დამკვირვებელი, რადგან ამ არჩევნების მნიშვნელობა არის ძალიან დიდი ასევე ჩვენთვის, ვინაიდან თურქეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა“, - განაცხადა სამხარაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა თურქ ხალხს უსურვა არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და იმ შედეგების მიღწევა, რომელიც საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს შემდგომში კიდევ უფრო გააღრმავებს.
ამომრჩევლები ირჩევენ პრეზიდენტს, რომელსაც ქვეყნის მართვა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოუწევს და 600-კაციანი პარლამენტის დეპუტატებს.
საპრეზიდენტო კანდიდატების საბოლოო სიაში შევიდნენ სახელმწიფოს მოქმედი მეთაური, 69 წლის რეჯეფ თაიფ ერდოღანი, როგორც ერთიანი კანდიდატი „რესპუბლიკური ალიანსიდან", ოპოზიციური „სახალხო ალიანსის" ერთიანი კანდიდატი 74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ და 55 წლის კანდიდატი Ata-ს ალიანსიდან სინან ოგანი.
წინასაარჩევნო კვლევების შედეგები ჯერ არ ავლენს ერდოღანსა და ქილიჩდაროღლუს შორის მომავალი არჩევნების ფავორიტს, სხვადასხვა გამოკითხვები ორივეს სასარგებლოდ აჩვენებს შედეგებს.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 81 პროვინციაში 191 ათასზე მეტ ურნას დადგამენ.
ქვეყნის შიგნით ხმის მიცემის უფლება აქვს 60 მილიონ 721 ათას 475 მოქალაქეს, აქედან 30,7 მილიონზე მეტი ქალია.
კომისიის მიერ მომზადებული განრიგის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს ოფიციალურ გაზეთში უნდა გამოქვეყნდეს.