თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს იმის ნაცვლად, რომ მისგან შორს დაიჭიროს თავი, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვისთვის დაუსწრებლად გასამართლებული კეზერაშვილი ამჟამად აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". გარდა ამისა, ის აფინანსებს ოპოზიციურ მასმედიას მის მიერ დაარსებული ტელეკომპანია „ფორმულის" ჩათვლით.
„როდესაც კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აყენებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და შთაბეჭდილება რჩება, ბოდიში უხეში მეტაფორისთვის, შიდსით რომ ხარ დაავადებული ადამიანი და არავის რომ არ უმხელ და რომ გაბრაზდები... განგებ ცდილობ რომ გადასდო ბევრ ადამიანს ინფექცია. ყოფილა ასეთი პრეცედენტები“, – განაცხადა მელიამ.
პოლიტიკოსმა კეზერაშვილის საქციელი ამგვარ სიტუაციას შეადარა.
„ამას მაგონებს დათო კეზერაშვილი დღეს, ნაცვლად იმისა, რომ დისტანცირდეს ადამიანი“, – თქვა მელიამ.
ამავე დროს მელიამ აღნიშნა, რომ კეზერაშვილის გარდა დღეს მთავარ ოპოზიციურ პარტიას მთლიანად მართავენ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მეარბიშვილი და იუსტიციის ექს-მინისტრი და ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.
„დღეს ეს პარტია თუ ვინმესია, ვინც სრულად ფლობს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს, არიან კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. ეს სამი ადამიანი თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდეა ჩართული“, – განაცხადა მელიამ „TV პირველის“ ეთერში.
რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“
„ნაცმოძრაობას“ რთულ პერიოდი დაუდგა. პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა: ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. ხაბეიშვილს მხარს უჭერენ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი. ხაბეიშვილმა შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და თავმჯდომარის პოსტზე მელია ჩაანაცვლა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერად ხაბეიშვილის არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას“ გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
ვინ არიან კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი
აპრილის დასაწყისში კეზერაშვილმა ინტერვიუ მისცა მის მიერ დაარსებულ ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას“, სადაც განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პროდასავლურ ფლანგს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება და ის მათგან ერთ-ერთია. ექს-მინისტრმა დასძინა, რომ ურთიერთობა აქვს „ნაცმოძრაობის“ ახალ მენეჯმენტთან და მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში დახმარებისთვის მზადაა.
კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან ჯერ კიდევ 2008 წელს წავიდა და არცერთ პარტიაში არ არის გაწევრიანებული, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური და არ შეუძლია თავისი პოზიცია ჰქონდეს.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე „მისტერ ოფშორი“ დგას.
რაც შეეხება მერაბიშვილს, „ქართული ოცნების" ლიდერები მას 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.
ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე. მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.
ამაზე პასუხად კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
სამშობლოში ადეიშვილი ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.მას ამჟამად უკრაინაში მაღალი თანამდებობა უკავია.