აშშ-ის ელჩს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში და სახელმწიფოს შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ძირითადად ღია წყაროებში გასაჯაროებული ინფორმაციების საფუძველზე მიიღო, განაცხადა მანამდე ელჩმა.
Sputnikთბილისი, 21 აპრილი — Sputnik. კორუმპირებულების იარლიყის მიკერება ქართველი მოსამართლეებისთვის მტკიცებულებების გარეშე საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მხრიდან სახელმწიფოს შეურაცხყოფა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" განცხადებაში.
მანამდე აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის" სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე სავიზო შეზღუდვების დაწესებამდე მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი ანალიზი და შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვიზების გაცემაზე აკრძალვა მოიწონა, რადგან ისინი მთლიანად დარწმუნებული არიან სავიზო შეზღუდვის დაწესების საფუძვლებში, განაცხადა ელჩმა.
როგორც „ხალხის ძალის" განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არ აღიარებს საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს.
განცხადების ავტორების აზრით, როდესაც ქართველ მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით კორუფციაში სდებ ბრალს და „ნაცმოძრაობის" კუთვნილ მედიასაშუალებებში გავრცელებული ჭორების საფუძველზე ადებ სანქციებს, „ეს სხვა არაფერია, თუ არა მტრული დამოკიდებულების გამოვლინება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ".
სამართლის საყოველთაო პრინციპების თანახმად, მოსამართლე განსაკუთრებული ხელშეუხებლობით სარგებლობს და მისი დასჯა მხოლოდ რთული სამართლებრივი პროცედურისა და უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზეა შესაძლებელი, აღნიშნეს განცხადების ავტორებმა.
„შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი მოსამართლეებზე განსაკუთრებული სიმძაფრით ვრცელდება. თუმცა, ამერიკის ელჩი ამას არად დაგიდევთ და მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულის იარლიყს აწებებს, რაც ჩვენი სახელმწიფოს უხეში შეურაცხყოფაა", – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო ცხადი გახდა, როდესაც ელჩმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის დაცვა სცადა და განაცხადა, რომ ვერაფერს იტყვის კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, სანამ გამოძიება არ დასრულდება.
იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილი საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან დგას, რომელთა შემოსავალმა ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია ВВС-ს ჟურნალისტურ გამოძიებაში. ამ სქემის მიხედვით, ევროპელ პენსიონერებს სატელეფონო საუბრების დროს არწმუნებდნენ ვითომდა მომგებიანი ინვესტიციის ჩადებაში, სინამდვილეში კი მათ ფულს ითვისებდნენ.
„გამოდის, რომ ამერიკის ელჩისთვის უდანაშაულობის პრეზუმფცია უდანაშაულო მოსამართლეებზე არ ვრცელდება, მაგრამ ოფიციალურად დამნაშავედ ცნობილი კეზერაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ მიმალვაში სწორედ ამერიკული მფარველობის წყალობით იმყოფება, უდანაშაულობის პრეზუმფციის აბსოლუტური პრივილეგიით სარგებლობს", – ნათქვამია განცხადებაში.
„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვისთვის დაუსწრებლად გასამართლებული კეზერაშვილი ამჟამად აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". გარდა ამისა, ის აფინანსებს ოპოზიციურ მასმედიას მის მიერ დაარსებული ტელეკომპანია „ფორმულის" ჩათვლით.
როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, თუ ბრიტანელი მწერლისა და პუბლიცისტის, ჯორჯ ორუელის ფორმულით ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ ამერიკის საელჩოსთვის „უსამართლობა არის სამართალი".
„სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ამერიკის ელჩი ამას სრულად შემდგარ სახელმწიფოს ვერ გაუბედავდა, გაბედვის შემთხვევაში კი სრულად შემდგარი სახელმწიფო ასეთ ელჩს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა", – ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, როგორც ავტორები აღნიშნავენ, აშკარაა, რომ ჩვენს სახელმწიფოს დღეს ამის რესურსი ჯერ კიდევ არ აქვს. ამასთან, ისინი მიიჩნევენ, რომ ელჩის ასეთი დამოკიდებულება უფრო პრობლემის შედეგია – ჯერ კიდევ სუსტი სუვერენიტეტის, და არა მიზეზი.
„ხალხის ძალა" დარწმუნებულია, რომ ელჩის უხეში მოქმედების მიზანია, არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტის სრული დაბრუნება, რათა აგენტურამ კიდევ ერთხელ შეძლოს ხელისუფლებაში მოსვლა.
გუშინ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" მესამედ შეუშალა ხელი ოპოზიციას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაში, რომელსაც სასამართლოებში შესაძლო კორუფცია უნდა გამოეძიებინა. ამის გამო ოპოზიციამ „ქართული ოცნება" პარლამენტის ბოიკოტსა და კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. ამის პასუხად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მმართველმა პარტიამ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო – რომ ოპოზიციამ კომისია ვერ შექმნას. მათ ამით მოსამართლეებს სოლიდარობა გამოუცხადეს, ანუ ეს არის დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდაჭერის აქტი.
ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეების დაცვა, რომლებსაც ვაშინგტონმა შეზღუდვები დაუწესა, არ ნიშნავს სასამართლო სისტემის მიმართ სოლიდარობას.
ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში" მონაწილეობისთვის.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი სწორედ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გახდა.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.