თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა თბილისში გამართეს აქცია გერმანიაში დასაქმებული და გაფიცული ქართველი მძღოლების მხარდასაჭერად, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ქართველი მძღოლები, რომლებიც პოლონური კომპანიის მეშვეობით დასაქმდნენ, გერმანიაში მარტის შუა რიცხვებიდან გაიფიცნენ, ისინი კუთვნილი ხელფასების გადახდას ითხოვენ. ზოგიერთი მათგანი მთელი თვის განმავლობაში დასვენების გარეშე მუშაობდა. როგორც მძღოლებმა ქართულ მედიას ადრე განუცხადეს, ორი თვეა ხელფასი არ აუღიათ, პროტესტის გამო კი მათ ემუქრებიან.
აქცია თბილისში პოლონეთის საელჩოს შენობასთან ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა წერილით მიმართეს პოლონეთის საელჩოს და დახმარება ითხოვეს.
„სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანკფურტში გაფიცულ 200-მდე მძღოლს, საიდანაც 50 მძღოლი საქართველოს მოქალაქეა. მათ სამი თვის განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ. მას შემდეგ, რაც საქმეში რამდენიმე ქვეყნის პროფკავშირები ჩაერთო, დამსაქმებელი მძღოლებს ნამუშევარის ანაზღაურებას სიტყვიერად დაჰპირდა. მიუხედავად დაპირებისა, რამდენიმე დღის წინ დამსაქმებელმა პოლონეთიდან „შემცვლელი” მძღოლები ჩაიყვანა და დასაქმებულებისთვის ტრაილერების წართმევა სცადა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. გერმანიის პოლიციამ დამსაქმებელი და ყველა მისი თანმხლები პირი დააპატიმრა, შემდეგ კი დეპორტაციით პოლონეთში გააბრუნა. დღეს ჩვენ პოლონეთის საელჩოსთან მოვედით, რათა საელჩოში წერილი შევიტანოთ, რომ ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რაც კანონით მინიჭებულია და მძღოლებს სამმა პოლონელმა დამსაქმებელმა მათი ანაზღაურება დროულად გადაუხადოს”, – განაცხადა პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ალანიამ.
საქართველოს პროფკავშირებმა პრობლემის გადაჭრაში ჩართეს ყველა პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის გერმანიისა და ნიდერლანდის პროფკავშირები.
მძღოლების გარდა, პროფკავშირს დახმარებისთვის ქართველმა სტუდენტებმაც მიმართეს – გერმანიაში სამუშაოდ წასულმა 16-მა გოგონამ. გოგონების თქმით, საკონდიტრო ქარხანაში მუშაობის დაწყების ნაცვლად, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული, ისინი BMW-ს ქარხანაში დაასაქმეს.
ნიურნბერგის ნაცვლად წაიყვანეს რეგენსბურგში და დღემდე არ მიუციათ ხელმოწერილი შრომითი ხელშეკრულებების ასლები. გოგონებს სიმძიმეების აწევა მოუწიათ, რის გამოც ერთ-ერთის ჯანმრთელობა ძლიერ შეირყა.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს კერძო კომპანიები, რომლებიც სტუდენტებს საზღვარგარეთ ასაქმებენ.
სწორედ ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო გეგმავს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რათა დაარეგულიროს ამ პროცესში ჩართული კომპანიების საქმიანობა. ამჟამად პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. კანონში ცვლილებები შუამავალ კომპანიებს სავალდებულო სერტიფიკაციის გავლას დაავალდებულებს.