თბილისი, 16 მარტი — Sputnik. „გულაგის“ სისტემის შექმნა და ადამიანების ჩაგვრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი პოლიტიკური ფილოსოფიაა, ისინი ბრჭყალებს გამოაჩენენ, თუ სულ მცირე ძალაუფლება მაინც მიიღეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე და მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.
„ამ ადამიანებმა საერთოდ ვერაფერი გააცნობიერეს. ისეთივე მოძალადეები არიან, როგორებიც იყვნენ ხელისუფლებაში. ერთადერთი განსხვავებაა, რომ მათ არ აქვთ ძალაუფლების ბერკეტები და თავიანთ ძალადობრივ იდეებს ვერ ახორციელებენ. როგორც კი მიიღებენ ერთ გრამ ხელისუფლებასაც კი, იმ მომენტშივე გამოაჩენენ თავიანთ ბრჭყალებს და ზუსტად იმ „გულაგების“ სისტემას აღადგნენ, რომელიც მათ ჰქონდათ საქართველოში დამკვიდრებული", – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს, ეს, პაპუაშვილის შეფასებით, პოლიტიკური ფარისევლობაა, როდესაც „გულაგის“ შემქმნელი პარტია დემოკრატიაზე და უფლებებზე ლაპარაკობს.
„რეაქცია მარტივია. საზოგადოებამ უკვე ბევრჯერ აჩვენა „ნაციონალურ მოძრაობას", რომ მათი რადიკალური ქმედებები არ იქნება მიღებული", – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც მერაბიშვილი უჭერს მხარს, მოსახლეობას 9 აპრილს რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდა.
ერთ-ერთ თავის ბოლო ინტერვიუში მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პარტია აღდგენის გზაზეა, რადგან აქამდე პარტიის ლიდერები მრავალი წლის განმავლობაში არამცთუ აქციების მოწყობას, არამედ სპონტანურად დაწყებული აქციების განვითარებასაც კი არ ცდილობდნენ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და მერაბიშვილს იმედი აქვს, რომ რამდენიმე თვეში შეძლებს ქუჩაში რეალური პროტესტის ნახვას.
„ქართული ოცნების" ლიდერები მერაბიშვილს 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.
მმართველი პარტია უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის" დაშლას აანონსებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ეს პარტია პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.
ბოლო დროს „ნაცმოძრაობის" რეიტინგი 5%-მდე შემცირდა. სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი 3%-ის ფარგლებში მერყეობს.