მსოფლიო დღეს

პენტაგონი: პეკინი მზვერავ აეროსტატებს მთელ მსოფლიოში იყენებს

Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების დასკვნის თანახმად, ჩინეთი რეგულარულად იყენებს აეროსტატებს სადაზვერვო მიზნებისთვის მთელ მსოფლიოში, განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა.
მისი თქმით, ჩინური აეროსტატები შენიშნეს ცენტრალურ და ლათინურ ამერიკაში, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ევროპაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პეკინს აეროსტატების დაზვერვის მიზნით გამოყენების ფართომასშტაბიანი პროგრამა აქვს.
პენტაგონი: აშშ-ის თავზე ჩინური მზვერავი აეროსტატი დაფრინავს
როგორც გამოცემა New York Times წერს, აეროსტატებს გარკვეული უპირატესობები აქვს მზვერავ თანამგზავრებთან შედარებით:
ისინი უფრო ახლოს არიან დედამიწის ზედაპირთან;
მათი აღმოჩენა რადარებით უფრო რთულია;
შეუძლიათ დაზვერვისთვის საინტერესო ტერიტორიის თავზე გაჩერება;
მაღალი ხარისხის კადრების გადასაღებად იყენებენ მარტივ კამერებს;
აეროსტატზე არსებული აპარატურა იმ საკომუნიკაციო არხების მოსმენის საშუალებას იძლევა, რომლებიც მიუწვდომელია მზვერავი თანამგზავრებისთვის დედამიწიდან დიდი მანძილით დაშორების გამო.
აშშ-ის მონაცემებით, ჩინეთის თავდაცვითი ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტი აწარმოებს კვლევას, რომელიც აეროსტატების სადაზვერვო და სხვა მიზნებისთვის გამოყენებას უკავშირდება. ამასთან აღინიშნება, რომ ჩინეთის გაზრდილი ყურადღების ობიექტებს შორისაა ინდოეთი, ფილიპინები, იაპონია და ტაივანი.
„გადაჭარბებული რეაქცია“: პეკინი უკმაყოფილოა ჩინური აეროსტატის ჩამოგდებით
ჩინეთის სადაზვერვო აეროსტატები ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ის გასულ კვირაში გამოჩნდა შეერთებული შტატების თავზე. საბოლოოდ ის ატლანტის ოკეანის თავზე, სამხრეთ კაროლინის სანაპიროსთან ჩამოაგდეს ამერიკელმა სამხედროებმა. ჩინეთი აცხადებს, რომ ეს არა მზვერავი აეროსტატი, არამედ მეტეოზონდი იყო. მოგვიანებით პენტაგონმა განაცხადა, რომ ეს იყო მეხუთე ჩინური აეროსტატი, რომელიც შეერთებული შტატების თავზე ბოლო წლებში შენიშნეს.