თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტებულია და მას ქვეყანაში ვითარების რადიკალიზაციის რესურსი არა აქვს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
რადიკალური მოქმედებების მომხრემ, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ მისი არჩევის მეორე დღესვე პარტიაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. ახალმა ლიდერმა მთელ ქვეყანაში ყოველდღიური საპროტესტო აქციები დააანონსა, მაგრამ აქციები მცირერიცხოვანი აღმოჩნდა.
„რადიკალიზაცია არის დამოკიდებული მთლიანად რადიკალური ოპოზიციის სიძლიერეზე. რადიკალური ოპოზიცია ძლიერი უნდა იყოს იმისთვის, რომ მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის მთავარი მიღწევა ისაა, რომ რადიკალური ოპოზიცია დასუსტებულია და მას რადიკალიზაციისთვის რესურსები არა აქვს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, რაც უფრო ძლიერი იყო „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში, მით უფრო მეტი პრობლემა ჩნდებოდა ქვეყანაში.
„ამ შემთხვევაში კარგია, რომ „ნაცმოძრაობა“ არის უკიდურესად დასუსტებული, შესაბამისად, ეს დადებითად აისახება ქვეყნის მდგომარეობაზე, საზოგადოების მდგომარეობაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და მთლიანად რადიკალიზაციის ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა და პარლამენტში მუშაობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ცნობილი გახდა 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განუცხადა.
თანაპარტიელების გადაწყვეტილება პარლამენტის დატოვების შესახებ არ მოეწონა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, შედარებით ზომიერი პოლიტიკის მომხრე ნიკა მელიას. ის მიიჩნევს, რომ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში. მისი თქმით, თუ პარტია საკანონმდებლო ორგანოს ტოვებს, მაშინ დეპუტატები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.
ბოიკოტის და მანდატის დათმობის წინააღმდეგ წავიდა პარლამენტის დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძეც. მისი თქმით, თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავა, ეს მძიმე პრობლემა გახდება პარტიისთვისაც და სააკაშვილისთვისაც.