თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფინალი უკვე სახეზეა – მათი არსებობიდან მხოლოდ ილუზია დარჩა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე თვეა აანონსებს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას. იმავდროულად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ეს პარტია პოპულარობით მეორე ადგილზეა საქართველოში, თუმცა მმართველი პარტიას ის დიდი სხვაობით ჩამორჩება. ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 5%-მდე დაეცა.
„ფინალი უკვე მომხდარია, ეს არის „ნაცმოძრაობის“ გაქრობა, ეს მომხდარია, უბრალოდ ამის აღიარება არ არსებობს და არსებობს ილუზია ადამიანებში, თითქოს „ნაცმოძრაობა“ არსებობს. ცოტა ხანში „ნაცმოძრაობის“ მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც გაარკვევენ იმას, რომ არარსებული რამე უყვართ ან სძულთ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის მიერ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ბოიკოტს, ხვიჩიას თქმით, მათი არყოფნის შემთხვევაში პარლამენტს იგივე დააკლდება, რაც მათი ყოფნის შემთხვევაშიც აკლდა, ეს არის დისკუსიები და სერიოზულობა.
„არიან დეპუტატები, რომლებსაც არ უნდათ დეპუტატობა და სხვადასხვა მიზეზით, ხათრით არიან დეპუტატები“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა და პარლამენტში მუშაობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ცნობილი გახდა 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განუცხადა.
თანაპარტიელების გადაწყვეტილება პარლამენტის დატოვების შესახებ არ მოეწონა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, შედარებით ზომიერი პოლიტიკის მომხრე ნიკა მელიას. ის მიიჩნევს, რომ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში. მისი თქმით, თუ პარტია საკანონმდებლო ორგანოს ტოვებს, მაშინ დეპუტატები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.
ბოიკოტის და მანდატის დათმობის წინააღმდეგ წავიდა პარლამენტის დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძეც. მისი თქმით, თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავა, ეს მძიმე პრობლემა გახდება პარტიისთვისაც და სააკაშვილისთვისაც.