თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბაჩო დოლიძემ, აკაკი მინაშვილმა, გიორგი კირთაძემ და გიორგი პატარაიამ პარტიული თანამდებობები დატოვეს.
ამასთან, მათ განმარტეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში დარჩებიან. დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივნის თანამდებობას იკავებდა, მინაშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო, პატარაია კი საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.
პარტიის წევრებმა დაკავებული თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შიდაპარტიულ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა „ნაცმოძრაობის“ აქტიურმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ხაბეიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი – 40%. თავად მელიამ ხაბეიშვილს უკვე მიულოცა გამარჯვება.
თანამდებობა დატოვა პარტიის აჭარის ორგანიზაციის წევრმა, ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემაც.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა გიორგი პატარაიამ.
პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებში ეკუთვნის მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის დროზე დააარსა „ნაციონალური მოძრაობა“.
ხაბეიშვილმა ასევე პირობა დადო, რომ იმ დრომდე არ გაჩერდება, ვიდრე სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება. მისი თქმით, საქართველოს რეგიონში გაიხსნება ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ოფისები.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა (ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერდა - რედ.). ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.