იუსტიციის სამინისტრო: ექსპერტიზის ბიურომ სააკაშვილის დიაგნოზების უტყუარობა არ დაადასტურა

სპეციალური პენიტენციური სამსახური დასკვნას სასამართლოს წარუდგენს, რომელიც მსჯავრდებულ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასა და მისი მოხდისგან გათავისუფლების საკითხს იხილავს.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ არ დაადასტურა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის ცენტრ „ემპათიის“ მიერ დასმული დიაგნოზების უტყუარობა, ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ საექსპერტო ჯგუფმა სააკაშვილს დაუსვა რამდენიმე დიაგნოზი, მათ შორის დემენცია და კახექსია. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები ამ დიაგნოზების გამო სააკაშვილის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას მოითხოვენ.
ბრეგაძის თქმით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, 2022 წლის 8 დეკემბერს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა იმის დასადგენად, რამდენად სარწმუნოა ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა და რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას მის მიერ დასმული დიაგნოზები.
სააკაშვილის დიაგნოზების სია ფართოვდება - ნობელის ლაურეატმა სასამართლოზე ჩვენება მისცა >>
„ჩვენ 2023 წლის 26 იანვარს ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროდან მივიღეთ დასკვნა, რაც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები. თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორებიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, არ არის სარწმუნო და უტყუარი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მისი თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახური დასკვნას სასამართლოს წარუდგენს, რომელიც მსჯავრდებულ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასა და მისი მოხდისგან გათავისუფლების საკითხს იხილავს.
თბილისის საქალაქო სასამართლო ერთი თვეა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
„ადამიანის უფლებების დაცვის დაცინვა და პაროდია“ - პარლამენტის დეპუტატი „სააკაშვილის სიაზე“ >>
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“. პირველად სააკაშვილი საავადმყოფოში შიმშილობის დროს მოხვდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. შიმშილობა 50 დღე გაგრძელდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საკითხი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.
„იქნებ რამე გემრიელი მოიტანონ“ - „ვივამედის“ დირექტორი სააკაშვილის ნათესავებზე>>
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩართო, რომელთაგან ხუთი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
მათი დიაგნოზების თანახმად, სააკაშვილს აქვს დაავადებების გრძელი სია, მათ შორის მძიმე მეტალების ორგანიზმში მოხვედრით გამოწვეული პროგრესირებადი დემენცია. გარდა ამისა, არსებობს კუჭის კიბოს განვითარების რისკი.
ექიმებმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან საზღვარგარეთ იმკურნალოს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და ასეთი მძიმე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება.
ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს.
წულუკიანი: სააკაშვილი რთული ქცევის მქონე პატიმარია>>
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს