თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრში 50-მდე სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ერთიანი მომსახურების ცენტრის ინსპექტორები გადამზადდნენ შშმ პირების მომსახურების სპეციფიკასა და ჟესტურ ენაში, აგრეთვე შეიქმნა შშმ პირთა მომსახურების სტანდარტი, რომლის მეშვეობითაც ხდება მომსახურების გაცემა.
გარდა ამისა, დაინერგა ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის ვიდეოზარით მომსახურების მოდელი, რის შედეგადაც ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის დისტანციურად ხელმისაწვდომია საპატრულო პოლიციის 50-მდე სერვისი.
მანამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა გახდა ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე და მხედველობაშეზღუდული მოქალაქეებისთვის. შენობაში დამონტაჟდა სპეციალური ლიფტი და მოეწყო ტაქტილური ბილიკები.
შშმ პირთა სხვა მოქალაქეებთან თანასწორობა საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. გარდა ამისა, საქართველოს რატიფიცირებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომლის 30-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს შშმ პირთა მაქსიმალური ინტეგრაცია საზოგადოებაში.
წყარო - შინაგან საქმეთა სამინისტრო