თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა.
შესაბამისი ცვლილებები „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შევიდა, რომლის მიხედვით 2026 წლამდე, ყოველწლიურად საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასების ოდენობა დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება.
2026 წლის 1 იანვრიდან საჯარო სექტორში ხელფასების გაზრდა მოხდება ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში კერძო სექტორში საშუალო ხელფასის პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე.
ამასთან, საჯარო მოხელეების საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა იყოს საჯარო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის არანაკლებ 80% და არაუმეტეს 90%-სა. დღეისათვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 74%-ია.
სახელმწიფო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 1024 ლარს შეადგენს. ამასთან საქართველოში ჩინოვნიკების ხელფასი მოიცავს განაკვეთს და კოეფიციენტს, რომელიც მოხელის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული. საქართველოში მოხელეთა 12 კლასი არსებობს.