თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის საქართველოს მოქალაქეების უკრაინაში გაგზავნა ქართველი ოპოზიციონერების ორგანიზებით მოხდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ამ დღეებში უკრაინაში დაღუპული საქართველოს ექვსი მოქალაქის ოჯახებს მიუსამძიმრა. მარტიდან დღემდე უკრაინის მხარეს მებრძოლი 33 ქართველი დაიღუპა.
„ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისი... ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის მხარს უჭერდა დაღუპულთა ოჯახებს და ეხმარებოდა დაღუპულების უკრაინიდან გადმოსვენებაში, თავის თავზე იღებდა ხარჯებს. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ დაღუპულების უმრავლესობა იყო ყოფილი სამხედრო, პოლიციელი, ოფიცერი, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში, ისინი სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მიუხედავად ამისა, ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერები აჟიოტაჟს ქმნიან და ხელისუფლებას ტრაგედიისადმი გულგრილობაში ადანაშაულებენ.
„ვიღაც ფარისეველი, ყალბი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. ამაზე ამორალური რაიმე არსებობს?!“ – განაცხადა პრემიერმა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ფარისეველ პოლიტიკოსებსა და „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს უწოდებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მათ მხარდამჭერებს.
პრემიერის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის პირველივე დღიდან „ომის პარტია“ ცდილობდა და ცდილობს გარკვეული პროვოკაციების მოწყობას.
„მათი ორგანიზებულია ეს, სამწუხაროდ. „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ უკრაინაში. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მომხრეები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის გამო, ბრალს სდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის „პრორუსული ძალაა“. ხელისუფლება ასევე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან უარი თქვა უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე. ამის მიზეზად ხელისუფლებამ დაასახელა ის, რომ ამას შეაფასებდნენ, როგორც ქვეყნის კონფლიქტში ჩართვას.