„ხალხის ძალა“: აშშ ფულს საქართველოში აგენტურაზე ხარჯავს
ამ დღეებში აშშ-ის სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა და საქართველოს მიმართ სტრატეგიის გადახედვის საკითხი დააყენა.
Sputnikთბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის დაფინანსების დიდი ნაწილი მოდის არა საქართველოზე, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ანუ ამერიკულ აგენტურაზე, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ღია წერილში.
ეს წერილი პასუხია ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებაზე, რომელიც, „ხალხის ძალის“ აზრით, გამოირჩევა თავისი მეგობრობით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამ დღეებში შაჰინმა საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა და საქართველოს მიმართ აშშ-ის სტრატეგიის გადახედვის საკითხი დააყენა.
„ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი „ენჯეოებზე“ არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება. ვფიქრობთ, ღირსების საქმეა – საკუთარი აგენტურის დაფინანსების დამადლების უფლება არავის მივცეთ“, – ნათქვამია წერილში.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატების მიერ დაფუძნებული „ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ „უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის“.
„ამდენად, „ენჯეოების“ დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ“, – ნათქვამია წერილში.
იქვე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის, სახალხო სუვერენიტეტისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების შესაბამისად არ იმართება, სრულფასოვანი სახელმწიფო არ არის. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ამ ცნებებმა სრული პერვერსია განიცადა.
„ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ყველამ იცის, რომ კონსტიტუციურად ყველაზე დიდი ძალაუფლების მატარებელი პირი – ამერიკის პრეზიდენტი სინამდვილეში სახელმწიფოს არ მართავს. ამასთან, დედამიწის ზურგზე ვერავინ იტყვის, პრეზიდენტის მაგივრად ვინ მართავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს“, – ნათქვამია წერილში.
წერილის ავტორების აზრით, ანალოგიური ვითარება ჩამოყალიბდა ევროპაშიც, სადაც სახელმწიფოების უმრავლესობამ დაკარგა თავისი სუვერენიტეტი. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია „აგენტოკრატიას“ ნიშნავს.
„ფართოდ დანერგილი მოდელის მიხედვით, ყალიბდება სამთავრობო კოალიციები, რომლებშიც პარტიების უმრავლესობა უცხოური გავლენის აგენტურას წარმოადგენს. ასეთ პირობებში კი სამთავრობო კოალიცია არა ეროვნული ინტერესების შესაბამისად, არამედ თავიდან ბოლომდე გარე ინტერესების გავლენის ქვეშ მოქმედებს“, – აღნიშნულია წერილში.
„ხალხის ძალის“ აზრით, მსგავსი სიტუაცია საქართველოში 2004–2012 წლებში იყო, როდესაც ხელისუფლება „გარედან მართული აგენტურით“ იყო დაკომპლექტებული, და ყველა უბედურება – ადამიანების წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მასმედიის პოლარიზაცია და ა.შ. – ხდებოდა არა მხოლოდ „რეჟიმის უცხოელი პატრონების მდუმარე მხარდაჭერით, არამედ პირდაპირ მათი კარნახით“.
წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ყოფილი მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ უცხოელი პარტნიორები საქართველოში დემოკრატიულ რეგრესზე ლაპარაკობენ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რადგან ზუსტად ორი წლის წინ მოხდა ის, რასაც ისინი აქამდე ვერ ეგუებიან.
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო და „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლება არ გადააბარა, ანუ დემოკრატია აგენტოკრატიით არ ჩანაცვლდა... შესაბამისად, ისინი მუდმივად გააგრძელებენ საუბარს ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლაზე, ვიდრე საქართველოში აგენტოკრატიის აღდგენას არ მიაღწევენ“, – ნათქვამია წერილში.
იქვე აღნიშნულია, რომ ფსევდოლიბერალების ლექსიკონის თანახმად, სიტყვა „დამოუკიდებელი“ არის „გარედან მართულის“ სინონიმი.
„ამ მოდელის მიხედვით, სასამართლო უნდა მართონ მათ მიერ მართულმა პარტიებმა ან მათ მიერ დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“, ხოლო დამოუკიდებლად მხოლოდ ის მედია შეიძლება მოიხსენიებოდეს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების მიერ იმართება და სახელმწიფოში აგენტოკრატიის დამყარების ან გამყარების საქმეს ემსახურება“, – აღნიშნულია წერილში.
წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის თემა საქართველოსთვის იმიტომ მოიგონეს, რომ შემდგომ მოვლენებს საქართველოში ხელისუფლების გადატრიალება და აგენტოკრატიის დამყარება მოჰყოლოდა.
„ამ ყველაფრის გაგრძელებაა ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციები, რომლებიც დემოკრატიული ხელისუფლების დასუსტებასა და აგენტურის გამაგრებას ისახავს ერთადერთ მიზნად“, – აღნიშნულია წერილში.
ამ რეზოლუციების მთავარი ავტორები, „ხალხის ძალის“ აზრით, არიან ევროპული აგენტოკრატიის წარმომადგენლები, რომლებიც თავიდან ბოლომდე მათი და „ნაცმოძრაობის“ საერთო პარტნიორების კარნახით მოქმედებენ.
ევროპარლამენტმა ივნისში მიიღო მკაცრი რეზოლუცია საქართველოსთან მიმართებით, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ლაპარაკია ივანიშვილის – „საქართველოში ერთადერთი ოლიგარქის“ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც პირადი და საქმიანი კავშირები აქვს კრემლთან. ევროპული საბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესება.
რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია.
ნოემბერში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა მიიღო ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პირობების შესახებ კომპრომისული შესწორებებით.
ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს პოლიტიკურ გარემოში ღრმა პოლარიზაციის გამო, ასევე ევროდეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ჰუმანიტარული მიზნით გაათავისუფლოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ. ასევე აღნიშნულია ნიკა გვარამიას საქმის გადახედვის აუცილებლობაზე.
ანგარიშში ასევე საუბარია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ „პოლიტიზებული მართლმსაჯულების აშკარა დემონსტრირებაზე“.
„ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. აღნიშნულმა პირებმა მანამდე „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.