მიხეილ ჩხენკელი ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს განათლების მინისტრმა ალიევს მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და მის ვიზიტს საქართველოში ისტორიული მოვლენა უწოდა.
Sputnik
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს უმასპინძლა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და განათლების სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ალიევმა ყურადღება გაამახვილა თავის სამუშაო ვიზიტზე საქართველოში, რომელიც 24 ოქტომბერს გაიმართა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მას ჰქონდა საშუალება განეხილა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.
ჩხენკელმა ალიევს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მისი ვიზიტი საქართველოში შეაფასა, როგორც ისტორიული მოვლენა.
საქართველოს განათლების მინისტრი ბაქოს ეწვია>>
ვიზიტის ფარგლებში ჩხენკელი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის განათლების მინისტრს ემინ ამრულაევს. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის არსებული თანამშრომლობა.
ამ თანამშრომლობის წყალობით არაქართულენოვანი სკოლების აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისთვის შემუშავდა საგნის გამოცდის დავალებები. შესაბამისად, მასწავლებლებს კარიერული წინსვლისა და ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა მიეცათ.
აზერბაიჯანი საქართველოს გავლით გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდას გეგმავს>>
მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში 2022 წლის თებერვალში გაფორმებულ მემორანდუმზე, რომელიც თანამშრომლობას ითვალისწინებს როგორც ზოგადი განათლების, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროებში.
დოკუმენტი ხელს უწყობს ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს