აზერბაიჯანი საქართველოს გავლით გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

© VUGAR AMRULLAYEVილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2022
გამოწერა
ილჰამ ალიევის თქმით, მომდევნო ხუთ წელიწადში აზერბაიჯანი ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის გაორმაგებას გეგმავს.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის მიზნით ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას გეგმავენ, განაცხადა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
ალიევის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ენერგომატარებლებზე მოთხოვნა იზრდება, საქართველო და აზერბაიჯანი ერთ ფრონტზე არიან წარმოდგენილი და ერთად უნდა იმუშაონ, რათა ორი ძმური ხალხის ეროვნული ინტერესები დაფუძნდეს ისეთ ურთიერთობებზე, რომლებიც სარგებელს მოუტანს მსოფლიოს.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე. ვაპირებთ 22 მლნ კუბური ტონის ექსპორტს, რომელიც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა ალიევმა.

ალიევის თქმით, ევროკომისიასთან მიმდინარე წელს ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, მომდევნო ხუთ წელიწადში აზერბაიჯანი ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის გაორმაგებას გეგმავს.
როგორც მან აღნიშნა, 2027 წლამდე აზერბაიჯანი ევროპაში თითქმის 20 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს განახორციელებს.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ინფორმაციით, ქვეყანა ასევე გეგმავს ბაქო–სუფსის ნავთობსადენის ექსპლუატაციის განახლებას.
ნავთობსადენი ბაქო–სუფსა ექსპლუატაციაში აზერბაიჯანიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე ნავთობის ტრანსპორტირების მიზნით ექსპლუატაციაში 1999 წლის აპრილში შევიდა. ნავთობსადენის სიგრძე 830 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა – წელიწადში დაახლოებით 7 მლნ ტონა ნავთობი (დღეში 10 ათასი ბარელი).
„ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენით გაიზრდება ექსპორტი... და მილსადენი კიდევ უფრო დატვირთული იქნება. ჩვენ გვინდა ვისარგებლოთ ბაქო–სუფსის ტერმინალით. ვიცი, რომ იგი ამჟამად არ მოქმედებს, მაგრამ გვინდა ეს არხიც დავტვირთოთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს გავლით ელექტროენერგიის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტსაც გეგმავს.
ღარიბაშვილი: აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია>>>
„10 გიგავატი არის ჩვენი შესაძლებლობები განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება, რომ ექსპორტზე 157 გიგავატი გავიტანოთ. ეს არის საერთაშორისო დათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი“, – განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ამ მიმართულებითაც წარმატებით ითანამშრომლებენ.
„საერთო ჯამში, გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა, ენერგოდერეფნების პოტენციალი“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა 75%-ით არის გაზრდილი და ამ კუთხით ბაქო–თბილისი–ყარსის (BTK) პოტენციალი აღნიშნა.
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა გახსნილია აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. BTK-ს სავარაუდო გამტარუნარიანობა წელიწადში მილიონ მგზავრს და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. შემდგომში სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობამ შესაძლოა წელიწადში 3 მილიონი მგზავრი და 20 მლნ ტონა ტვირთი შეადგინოს.
„უნდა ვთქვა, რომ ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ ხუთი მილიონი ტონით დაიტვირთოს. მომდევნო წელს უფრო მეტ კაპიტალდაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით და ამ დერეფანზე უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა“, – განაცხადა ალიევმა.
პრემიერი ბაქოსა და ერევანს შორის შეთანხმებაზე: „საქართველო მზადა, ხელი შეუწყოს მშვიდობას“>>>
მისი თქმით, იგეგმება ამ მარშრუტის გამოყენება კასპიის ზღვის სანაპიროდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში ტვირთების გადასაზიდად, ასევე ახალი მარშრუტების განვითარებისთვის.
„ჩვენ ვიცით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო–თბილისი–ყარსის მიმართულება, მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება იმისათვის, რომ ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს და პირიქით. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. მიმდინარე წლის იანვარი–სექტემბრის პერიოდში ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21,3%-ით გაიზარდა და 956,6 მლნ დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0