საქართველოს სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ დაბრუნდა

სამხედრო მოსამსახურეები დედაქალაქისა და ქვეყნის ყველა რეგიონის სკოლებს რეგულარულად ეწვევიან და ახალგაზრდებს ქართული ჯარის შესახებ სიახლეებს გააცნობენ.
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ განაახლა.
პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
პროექტი პანდემიის გამო ორი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო და 2022-2023 სასწავლო წელს განახლდა. სამხედრო მოსამსახურეები პირველად აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
მათ მაღალი კლასების მოსწავლეებს თემატური ვიდეო და ფოტოპრეზენტაცია წარუდგინეს და საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, მიზნების, ამოცანების, ეროვნული გმირების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სამსახურისა და განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ გაესაუბრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში დედაქალაქისა და ქვეყნის ყველა რეგიონის სკოლებს რეგულარულად ეწვევიან და ახალგაზრდებს ქართული ჯარის შესახებ სიახლეებს გააცნობენ.