თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ბოლო პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღისა და უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ტარებისთვის სამართალდამცველებმა 7 ადამიანი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
კერძოდ, სამართალდამცველებმა თბილისში წარსულში ნასამართლევი 34 წლის მამაკაცის ავტომობილის ჩხრეკისას პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გარდა ამისა, კიდევ ერთი წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 37 წლის მამაკაცის ბინაში სამართალდამცველებმა ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, 90 ვაზნა და მჭიდები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი 50 წლის და 44 წლის მამაკაცების ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, 2 მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის სამმართველოს თანამშრომლებმა კი კიდევ ერთი წარსულში ნასამართლევი 59 წლის მამაკაცის პირადი ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 17 ვაზნა ამოიღეს.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ თიანეთში 28 წლის მამაკაცი დააკაა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს.
რაც შეეხება კიდევ ერთ 28 წლის მამაკაცს, რომელიც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია და ამაჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, კახეთის პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღო გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი 1 ვაზნით და მცირეკალიბრიანი შაშხანა - ე.წ. „გეკო".
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დაკავებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.