პარტიებმა სახალხო დამცველის პოსტზე 19 კანდიდატი წარადგინეს

პარტიებს სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შესარჩევად ვადა 21 ოქტომბრამდე მიეცათ
Sputnik
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებს სახალხო დამცველის პოსტზე 19-ვე კანდიდატის განხილვა მოუწევთ, ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფებიდან კანდიდატების წარდგენა დასრულდა.
პარტიებს სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შესარჩევად და მინიმუმ შვიდი ადამიანის განსახილველად წარსადგენად ვადა 21 ოქტომბრამდე მიეცათ. მმართველ პარტიას წინასწარ ჰქონდა ნათქვამი, რომ სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა და ეს ოპოზიციურ ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს მიანდო.
თუ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ მხოლოდ ერთი კანდიდატით შემოიფარგლა, ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ - ორით, „რეფორმების ჯგუფი“ - ასევე ორით, ხოლო ფრაქცია „ლელო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - სამით, პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეებმა“ წარადგინეს ყველა ის კანდიდატი, რომელმაც განაცხადი შეიტანა.
ახლა ადამიანის უფლებათა კომიტეტს მოუწევს ყველა კანდიდატის მოსმენა და პარლამენტის კენჭისყრაზე გატანა.
სახალხო დამცველი ის კანდიდატი გახდება, რომელიც მიიღებს ყველა სხვა კანდიდატზე მეტს, მინიმუმ 90 ხმას.
საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატები:
1.
ანა აბაშიძე - არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი
2.
მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი
3.
გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
4.
ლელა გაფრინდაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი
5.
სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
6.
თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
7.
ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი
8.
ალექსანდრე კობაიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე
9.
ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
10.
ნუგზარ კოხრეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე
11.
გიორგი მარიამიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, დირექტორი
12.
სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
13.
მაკა მინდიაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ დამფუძნებელი
14.
ჯემალ ნათელაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
15.
ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
16.
ქეთევან ჩაჩავა - არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი
17.
გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი
18.
იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამეტის წევრი
19.
ნაზი ჯანეზაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი