რატომ არ უშვებენ რუსეთის ყველა მოქალაქეს საქართველოში - შსს-ს პასუხი

17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით 78.742 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა,
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემოწმების პროცედურები და რუსეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მიზეზები განმარტა.
შსს-ს განცხადებით, ბოლო პერიოდში მომატებულია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთაც კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზების გამო უარი ეთქვათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე.
17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში სხვადასხვა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით 78.742 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 51.643 მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საქართველოში რუსეთიდან ათ დღეში 80 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა >>
პიკი იყო 23-დან 26 სექტემბრის ჩათვლით – ქვეყანაში 40.548 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 22.929 რუსეთის მოქალაქემ საქართველო დატოვა.

შემოსვლის წესები

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რის შედეგადაც მას ან ეძლევა თანხმობა საქართველოში შემოსვლაზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს საქართველოს საზღვარს.
შსს განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქის გამოკითხვა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება.
„უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შემოსვლის თანხმობის ან უარის თქმის გადაწყვეტილებას მესაზღვრე სხვადასხვა ფაქტორისა და გარემოებების შეფასების შედეგად იღებს“, - განმარტეს შსს-ში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრებზე „საცობების“ მიზეზებზე >>
შსს-ს ცნობით, ფასდება პირის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესაბამისობა მგზავრობის მიზნობრიობასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში და საქართველოდან გამგზავრებისას ფინანსური სახსრების საკმარის ოდენობა, წარსულში ქვეყანაში ყოფნის ვადები და ა.შ.
„შესაბამისად, თუ დარღვეულია ეს სტანდარტი, სამართალდამცველები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ადგილზე უმარტავენ უარის თქმის შესაძლო მიზეზებს და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ დროისთვის შსს-ს არ გამოუქვეყნებია ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენ რუსეთის მოქალაქეს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე.