გადავწყვიტე წინამდებარე სტატიაში თქვენი ყურადღება ჩვენი დროების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე – უმუშევრობის პრობლემაზე გავამახვილო.
მოგეხსენებათ, უკვე მრავალი წელია, რაც საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ცენტრების მიერ ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგები ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის მთავარი გამოწვევა სამუშაო ადგილების დეფიციტი და უმუშევრობაა.
ეს პრობლემა განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროს გამწვავდა, როდესაც ათასობით ჩვენმა მოქალაქემ სამსახური დაკარგა. მართალია, გასული წლის მეორე კვარტლიდან მოყოლებული ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვები თანდათან მოიხსნა და დროებით უმუშევართა ერთი ნაწილი თავის სამსახურს დაუბრუნდა, მაგრამ ამით პრობლემას სიმწვავე არ დაუკარგავს.
მიმდინარე წლის მეორე კვარტლის საბოლოო მონაცემები ჯერ უცნობია. რაც შეეხება პირველ სამ თვეს, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ იუწყება, ამ პერიოდში საქართველოში უმუშევრობის დონემ 19,4 პროცენტი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ზუსტად ვიცი, მკითხველი ბრძანებს, რომ „საქსტატის“ მონაცემი რეალობას არ ასახავს და ქვეყანაში უმუშევართა პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით მეტია. შესაძლოა ასეც იყოს, ფაქტია, ანალიტიკურ წრეებშიც დიდი ხანია აცხადებენ, რომ „საქსტატი“ არასწორად ითვლის და მისი მონაცემი ზუსტ სურათს არ იძლევა. ასეა თუ ისე, არც ეს მაჩვენებელია ცოტა. ვნახოთ უწყების სხვა მონაცემებიც.
საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონემ თითქმის ნახევარი, 49,6 პროცენტი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე მაჩვენებელზე 1,6 პროცენტით მეტია. დასაქმების დონე 2,5 პროცენტით გაიზარდა და 40,2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0,8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2,7 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. დასაქმების დონემ მოიმატა როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად, 2,2 და 2,9 პროცენტული პუნქტით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68,1 პროცენტი იყო, რაც გასული წლის წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1,2 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,1 პროცენტით, სასოფლო დასახლებებში კი 1,5 პროცენტით შემცირდა. ანუ ეკონომიკური აქტივობა ქალაქად ბევრად მაღალია. არც არის გასაკვირი, სოფლის მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, მაშინ, როცა ქალაქში გაცილებით ფართო არჩევანია. რა თქმა უნდა, საქმიანობის სფეროს ვგულისხმობ და არა სამუშაო ადგილების რაოდენობას.
საინტერესოა, როგორია უმუშევრობის დონე სქესის მიხედვით. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის მაჩვენებელი ქალებში 2,2 პროცენტით, ხოლო კაცებში – 2,7 პროცენტით შემცირდა, თუმცა უმუშევრობის დონე ტრადიციულად კაცებში უფრო მაღალია. ამავე დროს, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე საანგარიშო პერიოდში ქალებში 39,1 პროცენტს, ხოლო კაცებში 62,5 პროცენტს შეადგენდა. და, ბოლოს, როგორც „საქსტატი“ იუწყება, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად, 1,6 და 3,6 პროცენტული პუნქტით.
დიდი დრო არ გასულა, რაც ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში jobs.ge-ზე 36.584 ვაკანსია გამოცხადდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 51 პროცენტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 123 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავე დროს დასაქმების ბარომეტრმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 24,9 ქულა შეადგინა, რაც გასული წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელს 4,4 ქულით აღემატება. ამ პერიოდში ბარომეტრის მაჩვენებელი დადებითი იყო ყველა სექტორისთვის. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 38 ქულა მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი მომსახურების სექტორში – 16 ქულა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დასაქმების ბარომეტრი პირველ კვარტალთან შედარებით 2,8 ერთეულით გაიზარდა და 27,7 ქულა შეადგინა. ბარომეტრის მაჩვენებელი ამჯერადაც ყველა სექტორისთვის დადებითი იყო. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი − 40 ქულა მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – მომსახურების სექტორში − 20 ქულა. კვლევის ეს და სხვა შედეგები გაუმჯობესებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, თუმცა საკამათო არ არის, უმუშევრობა კვლავ ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.
როგორ უნდა დავძლიოთ უმუშევრობა? ამ მარტივ კითხვაზე ანალიტიკურ წრეებში ასევე მარტივი პასუხი აქვთ: ეკონომიკის განვითარებით, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მიერ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით და, რაც მნიშვნელოვანია, ბაზრისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მომზადებით.
უმუშევრობა, როგორც უკვე აღვნიშნე, სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ კიდევ სხვა პრობლემაც არის, რომელიც სწორედ დასაქმებას უკავშირდება. ფაქტია, მაშინ, როდესაც ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უმუშევრობას უჩივის, ბიზნესი მუდმივად კადრების მნიშვნელოვან დეფიციტზე საუბრობს. საინტერესოა, მაინც რა არის კადრების დეფიციტის მიზეზი? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. რა გაეწყობა, ვეცდები შეკითხვას პასუხი გავცე. მეტი დამაჯერებლობისთვის ანალიტიკურ წრეებში არსებულ მოსაზრებებს მოვიშველიებ.
ექსპერტ-ანალიტიკოსთა უმრავლესობა საკადრო დეფიციტის მთავარ პრობლემად დამსაქმებლის მხრიდან დაბალი ანაზღაურების შეთავაზებას ასახელებს.
„ბოლო პერიოდში ბიზნესმენები ხშირად მიანიშნებენ, რომ მათი მხრიდან არაერთი შეთავაზების მიუხედავად კადრები არ მიდიან. მიზეზი მარტივია: როდესაც არსებული ინფლაციის ფონზე დაბალ ხელფასს და არამიმზიდველ პირობებს სთავაზობ, ცხადია, ვერ მოიზიდავ სამუშაო რესურსს. ბიზნესმა უნდა გაზარდოს ხელფასი იმ დონემდე, სანამდეც ფუნქციონირების პრობლემა არ ექნება“, − აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მაკალათია. მისი თქმით, ჩვენ მცირე ეკონომიკა გვაქვს. ბიზნესი სარგებლობს იმით, რომ ერთი თუ არა, მეორე ან მეათე დათანხმდება შეთავაზებას. ამ დროს საჭიროა კონკურენცია. ბევრი ბიზნეს-სუბიექტი უნდა გაჩნდეს, რომელიც კონკურენციაში შევა ერთმანეთთან და ამ პირობებში იძულებული იქნებიან უკეთესი პირობები შესთავაზონ დასაქმებულებს. მნიშვნელოვანია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ფაქტორიც, რაც შესაძლებელს გახდის ბიზნეს-კომპანიამ მოიზიდოს მაღალკვალიფიციური კადრი და მას შესაბამისი ანაზღაურებაც შესთავაზოს.
მხოლოდ დაბალი ანაზღაურება როდია მიზეზი. ანალიტიკოსთა შეფასებით, ერთის მხრივ, ქვეყანაში არის უმუშევრობა და სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდება, მეორეს მხრივ კი შრომის ბაზარს შესაბამისი კადრები არ ჰყოფნის. რატომ? განათლების სისტემა შრომის ბაზრის მოთხოვნებს აცდენილია. არადა, პირიქით უნდა იყოს. თუ შევთანხმდებით, რომ თეორიული ცოდნის მიღება და პრაქტიკული უნარების გამომუშავება სწორედ მარტივად დასაქმების გასაღები უნდა იყოს, მაშინ მარტივად დავასკვნით, რომ განათლების სისტემა კადრების მომზადებისას შრომის ბაზრის მოთხოვნებს უნდა ითვალისწინებდეს.
მერე, რა უშლის ხელს? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი. მოგახსენებთ, რომ განათლების სისტემაში, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დიდი წილი კერძო უმაღლეს სასწავლებლებს უკავიათ. ეს ბიზნესის ცალკე სახეობაა, რომელიც, რა თქმა უნდა, მოგებაზეა ორიენტირებული. მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მოიზიდოს. შესაბამისად, კერძო უმაღლესი სასწავლებლები აბიტურიენტების მოთხოვნას აკმაყოფილებენ და მათ სწავლას იმ სპეციალობებზე სთავაზობენ, რომლებზეც მეტწილად არა შრომის ბაზრის, არამედ თავად აბიტურიენტთა მხრიდან არის მოთხოვნა. ეს კი კიდევ ერთი დიდი პრობლემაა, რომ აბიტურიენტთა უმრავლესობა შრომის ბაზრის მოთხოვნებს არ იცნობს ან არ ითვალისწინებს.
რამდენად სჭირდება ქვეყანას ყოველწლიურად ასობით იურისტი, ეკონომისტი ბიზნეს-ადმინისტრატორი, დიპლომატი თუ ჟურნალისტი და სხვა ე.წ. პრესტიჟული პროფესიის წარმომადგენელი, ვეჭვობ, არავის დაუთვლია...
სამსონ ხონელი