რას შეცვლის ეროვნული ბანკის ვერდიქტი, ანუ მედლის ორი მხარე

რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა, უცვლელია ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტიც. საკრედიტო პორტფელის მოცულობა მზარდია. სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა მცირდება.
Sputnik
წინამდებარე სტატიას გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენის შეხსენებით დავიწყებ. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11 პროცენტზე დატოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კობა გვენეტაძის უწყება, არსებული ორნიშნა ინფლაციის პირობებში, მონეტარული პოლიტიკის კორექტირებას არ ჩქარობს.
„მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული იქნება მანამ, სანამ ინფლაციის ზრდის რისკები საკმარისად არ შერბილდება. ამავე დროს, თუ ინფლაციამ მოიმატა ან/და ფასებზე დამატებითი წნეხი გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო“, − აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
კობა გვენეტაძის უწყების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გაცხადებულ არგუმენტებსა და მოტივზე რამდენიმე დღის წინ ვწერდი და ამ საკითხზე თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებ. ახლა უკვე დავინტერესდები, ქვეყანაში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება როგორ აისახება მიმდინარე საფინანსო-ეკონომიკურ პროცესებზე და რა გავლენა ექნება საბანკო სექტორის იმ მსესხებლების ჯიბეზე, რომელთა კრედიტებიც ცვლად საპროცენტო განაკვეთზე და ამავდროულად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. თანმიმდევრულად მივყვეთ.
რამდენია წლიური ინფლაცია და როგორია ეროვნული ბანკის რეაქცია?
საკამათო არ არის, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ვითარებაში ლარი გაძვირებულია, საფინანსო ბაზარზე შემცირებულია თავისუფალი ეროვნული ვალუტის მიმოქცევის რისკებიც. ლარი ინფლაციური პროცესების მასტიმულირებელი აღარ არის. შესაბამისად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებით ეროვნული ბანკი ინფლაციის მოთოკვას უწყობს ხელს. ამავე დროს, ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, სამწუხაროდ, მედალს ამ შემთხვევაშიც მეორე მხარე აქვს: ლარის გაძვირებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული და მომავალში გასაცემი საკრედიტო რესურსიც ძვირდება. შედეგად, თუ სხვა ტიპის კრედიტებზე არა, ბიზნეს-სესხებზე მოთხოვნა მცირდება, რაც, ბუნებრივია, ხელს არ უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკის მუხრუჭი რომ არის, ამ მოსაზრებას აკადემიურ წრეებშიც გამოთქვამენ.
„ინფლაცია მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის, მსოფლიოც კი გაოგნებულია და მკაცრი მონეტარული პოლიტიკით ძნელად თუ ახერხებენ მის უმნიშვნელოდ შემცირებას. ამ ვითარებაში ეროვნული ბანკი ხედავს, რომ ფასები დაბლა არ ჩამოდის, ინფლაცია კი მაღალია და, შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც მაღალი რჩება. თუმცა ამას უარყოფითი მხარეც აქვს – ის განსაკუთრებით დიდ დარტყმას ახდენს ეკონომიკაზე, მეწარმეებზე, რომლებსაც უძვირდებათ სესხები და უმცირდებათ აქტივობა. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა ჩვენ მსგავსად მოქმედებს და რეფინანსირების განაკვეთს ზრდის. რა თქმა უნდა, ამას ეფექტი საქართველოზეც ექნება დოლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის სახით. რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს, გამოცდილი ხერხია და მას მოკლევადიანი ეფექტი აქვს. ეროვნულ ბანკს რამდენიც არ უნდა მოვთხოვოთ უფრო მეტი გააკეთოს, მას არ გაჩნია ბერკეტი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზე იფიქროს, მისი მთავარი ამოცანა − ინფლაციის მოკლე ვადაში მოთოკვაა“, − აცხადებს ანალიტიკოსი თამაზ თოქმაზიშვილი.
რა გზავნილი მიიღო საქართველომ უცხოეთიდან?
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ შეფასებით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორების შესუსტების გამოძახილია. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ინფლაციას თან დაერთო რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების შედეგად წარმოქმნილი რისკებიც − საერთაშორისო ბაზარზე გარკვეული პროდუქციის ფასების ზრდა. ივლისის თვეში ინფლაციამ დაიკლო, თუმცა ის კვლავინდებურად მაღალია.
ინფლაციის შემცირებაზე დადებითად მოქმედ ფაქტორებს შორის, „საზოგადოება და ბანკების“ შეფასებით, ხაზგასასმელია ეროვნული ვალუტის გამყარება და კურსის შედარებითი სტაბილურობა, რაც, რა თქმა უნდა, იმპორტირებული პროდუქციის ინფლაციის შესუსტებას განაპირობებს. ამავე დროს ინფლაციის შემცირების ტემპს საგრძნობლად აფერხებს საკრედიტო აქტივობა სამოხმარებლო და უცხოური ვალუტის სესხების ზრდის ხარჯზე. რეკორდულად არის გაზრდილი გადმორიცხვები, რაც მოხმარებას ასტიმულირებს და შესაბამისად ზრდის ერთობლივ მოთხოვნას. „საზოგადოება და ბანკები“ აღნიშნავს, რომ მონეტარული სტაბილურობისთვის აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციასთან.
სად დაამუხრუჭებს ეროვნული ვალუტა, ანუ სად გადის ლარის შესაძლებლობების ზღვარი
დროა კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ. კერძოდ, როგორ აისახება ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება საბანკო სექტორის დებიტორებზე, რომელთა სესხებიც ცვლად საპროცენტო განაკვეთზე და ამავდროულად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ამ ტიპის 190.000 სესხი იყო გაცემული. რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შედეგად ამ ტიპის კრედიტის უკლებლივ ყველა დებიტორის სესხის საპროცენტო განაკვეთი არ იცვლება.
მიმოვიხილოთ, როგორია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პარამეტრები და სტრუქტურა. საგულისხმოა, რომ 1 ივნისიდან 1 ივლისამდე პერიოდში ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 500 ხელშეკრულებით შემცირდა, თუმცა მთლიანი საკრედიტო პორტფელი 8.956 მილიონიდან 9.459 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
რაოდენობრივად ყველაზე მეტი, 83.400 ხელშეკრულებით სამომხმარებლო ტიპის სესხია გაცემული. 1.389 მილიონი ლარი კომერციულმა ბანკებმა საშუალოდ 19,89 პროცენტში გაასესხეს.
1 მაისიდან 1 ივლისამდე, ანუ ორი თვის პერიოდში სამომხმარებლო სესხების ხელშეკრულებები 900 ერთეულით შემცირდა, ხოლო თანხის მოცულობა 1.080 მილიონი ლარით გაიზარდა. ძალზე უმნიშვნელოდ, 0,1 პროცენტით დაიკლო საშუალო საპროცენტო განაკვეთმა.
რას გეგმავენ მთავრობა და ეროვნული ბანკი? ანუ საშემოდგომო მოლოდინები
მომდევნო პოზიცია უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, იპოთეკურ სესხებს უკავია. ამ ტიპის კრედიტებზე 70.800 ხელშეკრულებაა გაფორმებული, 3.088,3 მილიონი ლარი საბანკო სექტორმა საშუალოდ 12,63 პროცენტში გასცა. 1 მაისიდან 1 ივლისამდე პერიოდში იპოთეკური კრედიტების ხელშეკრულებების რაოდენობამ 700 ერთეულით მოიმატა. საკრედიტო პორტფელი კი 580 ათასი ლარით გაიზარდა. საშუალო საპროცენტო განაკვეთი 0,27 პროცენტით გაიზარდა.
ხელშეკრულებების რაოდენობით პირველ სამეულშია ბიზნეს-სესხები. ასეთი ჯამში 34.700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. პორტფელი კი 4.928,8 მილიონი ლარია. მათ შორის: მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად კომერციულმა ბანკებმა 1.252,6 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 15,75 პროცენტში, ხოლო მსხვილი ბიზნესი 3.676 მილიონი ლარით დააკრედიტეს საშუალო შეწონილ 14,62 პროცენტში. თუ ამ პარამეტრებს 1 მაისიდან 1 ივლისამდე პერიოდის პარამეტრებს შევადარებთ, დავრწმუნდებით, რომ ბიზნეს-სესხებზე რაოდენობრივად მოთხოვნა შემცირდა და 700 ხელშეკრულებით ნაკლები გაფორმდა. საკრედიტო პორტფელი 4.828 მილიონი ლარით გაიზარდა, მათ შორის: მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება 562 ათასი ლარით, მსხვილი ბიზნესის კი − 4.122 მილიონი ლარით. მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისას საშუალო საპროცენტო განაკვეთი 0,47 პროცენტით გაიზარდა, მსხვილი ბიზნესის კრედიტებზე კი საპროცენტო განაკვეთმა 0,1 პროცენტით მოიმატა.
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული კრედიტებიდან, ტრადიციულად, ყველაზე მცირე რაოდენობით ავტოსესხია ხოლმე გაცემული და ასე იყო 1 ივლისის მდგომარეობითაც. საბანკო სექტორმა 800 ხელშეკრულებით 20,2 მილიონი ლარი საშუალოდ 22,27 პროცენტში გასცა. ორი თვის განმავლობაში, მაისიდან ივლისამდე ავტოსესხებზე ხელშეკრულებების რაოდენობამ სულ 100 ერთეულით მოიმატა. 1,6 მილიონი ლარით გაიზარდა პორტფელის მოცულობა. საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია 0,44 პროცენტით.
როდიდან დაიკლებს ფასები და გაიაფდება თუ არა ცხოვრება?
1 ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42,1 პროცენტია. 1 მაისს ანალოგიური მაჩვენებელი 40,8 პროცენტი იყო.
და, ბოლოს, კიდევ ერთი სიახლის შესახებ გეტყვით. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 15 აგვისტოდან ერთი წლის განმავლობაში სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა ოთხიდან სამ წლამდე მცირდება.
ცნობილია გადაწყვეტილების მიზანი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, მისმა უწყებამ საკითხი საბანკო კომერციული ბანკების მესვეურებთან განიხილა და გადაწყვეტილება სამომხმარებლო დაკრედიტების შენელების მიზნით მიიღო. მისივე თქმით, სამომხმარებლო სესხების მოცულობის ზრდა ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლას ახდენს.
როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება ინფლაციურ პროცესსა და სამომხმარებლო სესხების გაცემის დინამიკაზე, დრო გვიჩვენებს. პირველ შედეგებზე, სავარაუდოდ, გვიან შემოდგომაზე შევძლებთ საუბარს...
სამსონ ხონელი