თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. დღეს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
საქართველოში მეზღვაურთა პროფესიული დღე 2011 წლიდან იმართება.
მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს და საზღვაო დარგის წარმომადგენლები დააჯილდოვეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა და ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.
„თქვენი დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირის მიერ და 62-მდე, მათ შორის 19 ევროპული ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე გაქვთ სამსახურის უფლება. ამიტომ საქართველოს ეკონომიკისა სამინისტრო საზღვაო განათლებას თქვენი პირობების და თქვენთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებას პრიორიტეტად ისახავს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეკონომიკის მინისტრმა დააჯილდოვა შორეული ნაოსნობის კაპიტნები: ზურაბ ჩხაიძე, ნუგზარ დოლიძე და ვაჟა გოგუაძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ჯილდო გადასცა შორეული ნაოსნობის კაპიტანს აკაკი ესანჯიას და უფროს მექანიკოსებს: დავით თეთრაშვილს და ნიკოლოზ ცირეკიძეს; ქალაქ ბათუმის მერმა უფროსი მექანიკოსები – ომარ ლომიძე და ალი სარიშვილი, ხოლო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა უფროსი მექანიკოსები – ლაშა თავაძე და სტეფანე ვართანიანი დააჯილდოვეს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს, რის შემდეგაც, ტრადიციისამებრ, გემების საყვირების ფონზე შესრულდა გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია.
ამასთან, ბათუმის ცენტრალური პარკიდან ბათუმის საზღვაო ნავსადგურისკენ მოეწყო საზეიმო მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობდნენ საზღვაო სასწავლებლების კურსანტები, სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობა, მეზღვაურები და საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლები.
მოგვიანებით, გასართობი ღონისძიება გაგრძელდა ბათუმის ბულვარში. ადგილზე მოეწყო საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენელთა სივრცე, საბავშვო გასართობი კუთხეები, ანიმატორებით და მიმებით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით – ქართველი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და „ტექნოპარკი ბათუმის“ შემეცნებით-ტექნოლოგიური პავილიონი.
მუსიკალურ გაფორმებაზე დღის განმავლობაში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბენდი იზრუნებს.
საღამოს კი დაასრულებს ქართული ნაციონალური ბალეტი - „სუხიშვილები“ ახალი პროგრამით წარდგებიან. კონცერტი 20:00 საათზე, ბათუმის ბულვარში კოლონადებთან გაიმართება.
ტრადიციულად მეზღვაურთა დღე ყოველი წლის 25 ივნისს აღინიშნება, მაგრამ წელს უამინდობის გამო მისი აღნიშვნა 2 ივლისისათვის გადაიდო.
25 ივნისი მეზღვაურის დღედ 2010 წელს მანილაში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) დიპლომატიურმა კონფერენციამ გამოაცხადა.
2011 წლის 25 ივნისიდან მსოფლიოს საზღვაო სახელმწიფოებში იმართება რიგი ღონისძიებები მეზღვაურის პროფესიის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის.