ქართველი მეზღვაურები არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტში დასაქმებას შეძლებენ

© Facebook / Batumi City Hallმეზღვაურები
მეზღვაურები - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
ქართველი მეზღვაურებისთვის ყოველწლიურად ფართოვდება მსოფლიო დასაქმების ბაზარი.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ქართველი მეზღვაურები არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტში დასაქმებას შეძლებენ, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
შესაბამის მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუიმ ხელი უკვე მოაწერეს.
თურნავას განცხადებით, საზღვაო განათლებისა და მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქართველი მეზღვაურების რეპუტაცია საერთაშორისო საზღვაო სივრცეში.

„ხელი მოვაწერეთ საკმაოდ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც ჩვენი მეზღვაურების დასაქმების არეალის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ჩვენი მეზღვაურები სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული დროშით მცურავ გემებზე არიან დასაქმებული და მათზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. დღეიდან ისინი შეძლებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტის, მათი დროშით მცურავ გემებზე დასაქმებასაც“, – განაცხადა თურნავამ.

არაბთა გაერთიანებული საამიროები გამოირჩევა სოციალური და სამუშაო პირობების თანამედროვე სტანდარტებით, მათ შორის მაღალი ანაზღაურებით. 2020 წლის მონაცემებით, საამიროების დროშით მცურავი ფლოტი 631 გემისგან შედგება, რომელთა საერთო ტევადობა 740 DWT-ს უახლოვდება.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მეზღვაურებისთვის ყოველწლიურად ფართოვდება მსოფლიო დასაქმების ბაზარი. დღეს მათ უკვე 61 საზღვაო დროშით მცურავ ფლოტზე შეუძლიათ დასაქმება, მათ შორის 18 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ამ დროშებით მსოფლიო ფლოტის 80%-ზე მეტი დაცურავს.
ყველა ახალი ამბავი
0