თბილისი, 20 მაისი — Sputnik. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამის ფარგლებში მუშაობის დაწყების სურვილი 28,7 ათასმა ადამიანმა გამოთქვა, აქედან 12,5 ათასი დასაქმდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე წარადგინეს.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 1 მარტს დაიწყო. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ 18 წლიდან შრომისუნარიან პირებს, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120.000-ს და რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ლერი ბარნაბიშვილს დაავალა, გაააქტიუროს მუშაობა რეგიონების მერებთან ერთად, რათა მოქალაქეები დაასაქმონ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები და სხვა საკითხები.
საქართველოში, 1 აპრილის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 652,1 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 17,5%-ს შეადგენს.
პროგრამის პირობები
პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე მუშაობაში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება. ასევე ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე ფორმდება. დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა.
სტატისტიკის ეროვნული ცენტრის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 20,6%-ია.