დასაქმების სახელმწიფო პროგრამა: ჯანდაცვის მინისტრმა შედეგები შეაჯამა

© Ministry of Defence of Georgiaზურაბ აზარაშვილი
ზურაბ აზარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ აიმაღლონ კვალიფიკაცია, შეიძინონ გარკვეული უნარ-ჩვევები, რაც მათ სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციაში გამოადგებათ.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამ დროისათვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე 7.195 პირი დასაქმდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 1 მარტს ამოქმედდა. დღეისათვის საქართველოში 600 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირია, რომელთაგან 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანია. ზოგიერთი მათგანი არაოფიციალურადაა დასაქმებული, რადგანაც სახელმწიფო შემწეობის დაკარგვის ეშინია.
„მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა დასაქმების ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნით, ფუნქციონირებს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“, რომელიც შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს და სამუშაოს მაძიებლებს აძლევს შესაძლებლობას აიმაღლონ უნარ-ჩვევები და შრომის ბაზარზე მოახდინონ ინტეგრირება“, - განაცხადა აზარაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სააგენტოს ინსტიტუციურ განვითარებას. მისი თქმით, საწყის ეტაპზე სააგენტოს წარმომადგენლობა მხოლოდ თბილისსა და შვიდ რეგიონში ფუნქციონირებდა. დღეისათვის კი სააგენტო უკვე წარმოდგენილია ყველა რეგიონში, მუნიციპალურ დონეზე.
დღეისათვის პროგრამა უკვე სთავაზობს ბენეფიციარებს 22 ათას ვაკანსიას, წლის ბოლომდე ეს რიცხვი 50 ათასამდე გაიზრდება.
პროგრამის პირობები
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა1 მარტს ამოქმედდა. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ 18 წლიდან შრომისუნარიან პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120.000-ს და რომლებიც იღებენ სოციალურდახმარებას.
პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე მუშაობაში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება. ასევე ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე ფორმდება. დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა, ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე.
ყველა ახალი ამბავი
0