ვადიმ პავლოვი
დასავლეთის ქვეყნები აგრძელებენ სასანქციო ზეწოლას რუსეთის ეკონომიკაზე. ახლა დღის წესრიგში დგას ევროკავშირის მიერ რუსული ენერგორესურსების შესყიდვაზე ემბარგოს შემოღება - აგვისტოდან ამოქმედდება რუსეთის ფედერაციიდან ნახშირის იმპორტის აკრძალვა, ხოლო რუსული ნავთობისა და გაზის მიწოდების აკრძალვა განხილვის პროცესშია.
რა შედეგები შეიძლება ელოდეს ევროპას ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რატომ წარმოიშვა უთანხმოება ევროკავშირში სრული ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით და რამდენად ძლიერი დარტყმა შეიძლება იყოს ეს რუსეთის ეკონომიკისთვის.
ნახშირი სანქციების ქვეშ - ვინ დაკარგავს მეტს?
7 აპრილს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მეხუთე პაკეტზე შეთანხმდა. სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირმა აკრძალა ნახშირის, აგრეთვე სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შეძენა, იმპორტი და ტრანზიტი რუსეთიდან.
ნახშირზე ემბარგო აგვისტოში ამოქმედდება.
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს რუსეთის ფედერაციამ თითქმის 17,6 მილიარდი დოლარის ნახშირის ექსპორტი მოახდინა, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებზე მხოლოდ 3,7 მილიარდი მოდიოდა.
როგორც რუსეთის ენერგეტიკისა და ფინანსების ინსტიტუტის განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრები რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, ევროპა ბევრად მეტად არის დამოკიდებული რუსეთიდან მიწოდებაზე, რაც მათი იმპორტის დაახლოებით 50%-ს შეადგენს.
IEF-ის ექსპერტების აზრით, არ არის მოსალოდნელი, რომ რუსულ ნახშირზე უარის თქმა ევროპისთვის ადვილი და სწრაფი იქნება. ისინი აღნიშნავენ, რომ შეზღუდვები შეიძლება იყოს მოკლევადიანი, რადგან გათბობის სეზონი დასრულდა, მაგრამ ამ ზაფხულის ბოლოს ევროპა სავარაუდოდ იძულებული იქნება, დაუბრუნდეს რუსულ ქვანახშირს.
ზოგადად, რუსეთიდან ევროკავშირს ყოველწლიურად დაახლოებით 50-60 მილიონი ტონა ნახშირი მიეწოდება, ამბობს ეროვნული ენერგეტიკის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ფროლოვი.
„ამ მოცულობების ჩანაცვლებაა ძალიან რთული იქნება. ამ საკითხის განხილვისას ორ მომენტს ვაწყდებით. პირველი დაკავშირებულია ქვანახშირის სხვა მწარმოებლებთან - ავსტრალიამ ან, მაგალითად, აშშ-მა უკვე დააკონტრაქტეს თავიანთი მოცულობები. სამხრეთ აფრიკასა და კოლუმბიას კი, რომლებსაც თეორიულად შეეძლოთ ნახშირის ნაწილის კომპენსირება, მეორე საკითხამდე მივყავართ, რომელიც რუსული მოცულობების სრული ჩანაცვლების შესაძლებლობას ეხება. კოლუმბია უკვე არის ნახშირის საკმაოდ მსხვილი მიმწოდებელი ევროპულ ბაზარზე და წარმოების გაზრდის შესაძლებლობები არც იმდენად დიდი აქვს, რომ რუსული მიწოდების კომპენსირება შეძლოს. იგივე ითქმის სამხრეთ აფრიკაზეც“, — ამბობს ექსპერტი.
ნავთობი შემდეგი იქნება?
აპრილის შუა რიცხვებში ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ სანქციების მეექვსე პაკეტი მუშავდება, რომელიც შეიძლება შეიცავდეს შეზღუდვებს ენერგეტიკულ სექტორში. კერძოდ, შეზღუდვების ახალ ჩამონათვალში შესაძლოა შევიდეს რუსეთიდან ნავთობისა და გაზის მიწოდების აკრძალვა.
თუმცა უკვე შეიძლება აღინიშნოს, რომ ევროკავშირში ასეთი გადაწყვეტილების მიღების საკითხში ერთიანობა არ არის. თუ ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და საფრანგეთი, ამა თუ იმ გზით, საჯაროდ მხარს უჭერენ რუსეთის ენერგორესურსების სრულ უარყოფას, მაგალითად, გერმანია, ავსტრია და უნგრეთი ამგვარი ზომების წინააღმდეგ გამოდიან.
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის, ბორელის განცხადებით, ევროკავშირში რუსული ნავთობის მიწოდების ცენტრალიზებული აკრძალვის დაწესება ჯერ არ იგეგმება. მიზეზი ისაა, რომ „კავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა“ რუსეთის ფედერაციის ნავთობის აკრძალვის შესახებ ნებისმიერ კოლექტიურ გადაწყვეტილებას ვეტოს დადებითა და, შესაბამისად, ამ ზომის დაბლოკვით დაიმუქრა.
ოკეანის გაღმა ევროკავშირის მიერ რუსული ენერგომატარებლების მიწოდების სრული აკრძალვის დაწესების იდეა ასევე ვერ პოულობს გამოხმაურებას. აშშ-ს ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი, რომლის სიტყვებსაც The Hill ავრცელებს, თვლის, რომ ამგვარმა ემბარგომ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ევროპას, მაშინ როცა „ძნელად სავარაუდოა, რომ მას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე“.
მისი თქმით, რუსული ენერგორესურსების მიწოდების აკრძალვის შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებს გაცილებით მეტის გადახდა მოუწევთ, ვიდრე დღეს იხდიან.
„ეს აშკარად გაზრდის ნავთობის მსოფლიო ფასებს, დამანგრეველ გავლენას მოახდენს ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებზე და, საღი აზრის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ძალიან მცირე ნეგატიური გავლენა იქონიოს რუსეთზე, რადგან მას შეუძლია ნაკლები ექსპორტის გატანა, მაგრამ ექსპორტის შემოსავალი გაიზრდება“, — განაცხადა ამერიკელმა მინისტრმა.
ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული ნავთობის სანქციების დეტალები ჯერ შეთანხმებული არ არის. მან აღნიშნა, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს შესყიდვების ეტაპობრივად შეწყვეტას ან ექსპორტზე ტარიფების დაწესებას გარკვეული ფასის ზღვრამდე.
„ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მეექვსე პაკეტზე, ერთ-ერთი განსახილველი საკითხია ნავთობის ემბარგოს რაიმე ფორმა. როცა სანქციებს ვაწესებთ, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ გაიზარდოს ზეწოლა რუსეთზე, მაგრამ მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი საკუთარი თავისთვის“, — განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
ამერიკული სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, დღეს ევროკავშირი განიხილავს სამ ძირითად ვარიანტს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე შემდგომი სასანქციო ზეწოლის მიზნით: ემბარგოს დაწესება, ფასების ლიმიტის დაწესება და „შემოსავლების შესანარჩუნებლად გადახდის მექანიზმის შექმნა“.
„რუსეთი იკავებს მსოფლიო ნავთობის წარმოების დაახლოებით 10%-ს, სცადეთ აკრძალოთ იგი და იპოვოთ შესაბამისი მოცულობები“, — ამბობს ალექსანდრ ფროლოვი. მეტიც, „ოპეკის“ ქვეყნებმა პირდაპირ თქვეს, რომ რუსული მიწოდებების კომპენსაციას არ მოახდენენ. რუსეთის მოცულობის კომპენსაციას ვერც შეერთებული შტატებიდან ნავთობის მიწოდება შეუწყობს ხელს, რადგან თავად შტატები ნავთობის ნეტო-იმპორტიორები არიან.
როგორც იგორ იუშკოვი აღნიშნავს, დღეს რუსეთსა და სხვა მწარმოებლებს შორის გაყიდვების ბაზრების გაცვლა მიმდინარეობს.
„ახლა კოლექტიური დასავლეთი იწყებს ზეწოლას თავის კომპანიებზე, რომ ნებაყოფლობით უარი თქვან ნახშირისა და ნავთობის შესყიდვაზე რუსული სტრუქტურებიდან. შედეგად, ბაზარი თანდათან იწყებს აღდგენას ოფიციალური აკრძალვების დაწესების გარეშეც კი. კომპანიები უარს ამბობენ რუსული ნახშირწყალბადების შეძენაზე, შესაბამისად, რუსეთი იწყებს აზიის ბაზრებზე გასვლას - მაგალითად, მათ დაიწყეს ძალიან აქტიური მუშაობა ინდოეთთან ნახშირსა და ნავთობზე. რუსეთი ზრდის იქ მიწოდებას და ისინი, ვინც ადრე ინდოეთს აწვდიდნენ, იწყებენ ევროპაში მიწოდებას. ეს ხდება სხვა რიგ სახელმწიფოებთანაც - არაბეთის გაერთიანებულს საამიროებს, საუდის არაბეთს, ქუვეითსა და ერაყს აზიის ბაზრებისკენ ვუბიძგებთ, რის შედეგადაც ისინი გათავისუფლებულ ევროპულ ბაზრებზე მიდიან“, - ამბობს ექსპერტი.
ეს პროცესი, მისი თქმით, განსაკუთრებით შესაფერისია ნახშირისა და ნავთობისთვის, რადგან მათი ტრანსპორტირება შედარებით მარტივია.
დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებს ჯერ არ შეუთანხმებიათ რუსეთის წინააღმდეგ „ნავთობის“ სანქციები, განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა. მისი თქმით, ამ თემაზე გადაწყვეტილებების მიღება ევროკავშირის სამიტამდე შეუძლებელია, რომელიც 30 და 31 მაისს გაიმართება — გადაწყვეტილებები ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ერთხმად უნდა დაამტკიცოს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვას, რუსეთი მზად უნდა იყოს იმ სცენარისთვის, რომ შესაძლოა ემბარგო დაწესდეს, მიიჩნევს FNEB-ის წამყვანი ექსპერტი სტანისლავ მიტრახოვიჩი.
„ნავთობის ის მოცულობები, რომელსაც რუსეთი აწვდის ევროკავშირს, არ შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ OPEC+-ს არ სურს წარმოების გაზრდა იმაზე სწრაფად, ვიდრე უკვე შეთანხმებულია. და თუ რუსული ნავთობი და გაზი მყისიერად არ შეიცვლება აკრძალვის შემოღებით, მაშინ ეს ნიშნავს ბენზინისა და დიზელის ღირებულების ზრდას, ტრანსპორტირების ღირებულების ზრდას — ეს გამოიწვევს ყველა საქონლის ღირებულების ზრდას, უმუშევრობის ზრდასა და, საბოლოო ჯამში, ევროპაში შეიძლება საზოგადოების უკმაყოფილების სერიოზული ზრდაც მოჰყვეს“, - ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, რუსეთი ნავთობის 60%-მდე საზღვაო ტრანსპორტით გაედინება, ანუ თეორიულად ქვეყანას შეუძლია ევროკავშირის მიერ აკრძალვის შემთხვევაში მიწოდების სხვა ბაზრებზე გადამისამართება.
ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს აშკარად არ სურს რუსული ნავთობის შესყიდვის სრული აკრძალვა, რუსეთის ფედერაცია უკვე ემზადება ასეთი გადაწყვეტილებისთვის.
მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აპრილში მთავრობას დაავალა, 1 ივნისამდე წარადგინოს გეგმა, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებას ნახშირწყალბადების აღმოსავლეთისკენ გადამისამართების მიზნით. ერთ-ერთი ასეთი პროექტი შეიძლება იყოს რუსეთში ნავთობის საცავების შექმნა.
გაზი — ევროპის მთავარი თავის ტკივილი
რუსეთის ფედერაციაზე სასანქციო ზეწოლის შემდეგი ნაბიჯი - რუსული ნავთობის უარყოფის შემდეგ - უნდა იყოს რუსული გაზის მიწოდების აკრძალვა.
„ჩვენ გვჭირდება საკმარისი ალტერნატიული მიწოდების წყაროები, თუ გვსურს რუსული გაზისგან თავის დაღწევა. რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავალი დაიკარგება“, - განაცხადა ბორელმა.
მაგრამ ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ნავთობზე და ნახშირზე, ამბობენ Sputnik-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები. ევროკავშირის ქვეყნებს უაღრესად გაუჭირდებათ უარი თქვან რუსეთის „ცისფერ საწვავზე“.
ევროკავშირის ზოგი ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ მზადაა შეაჩეროს რუსული გაზის მიღება (მაგალითად, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, საფრანგეთი), ხოლო სხვა ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელობა პირდაპირ აცხადებს, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს ემბარგოს.
მაგალითად, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსულ გაზზე ემბარგოს უწოდებს "ბევრი ქვეყნისთვის გადაულახავ გამოწვევას" და ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის „ცისფერი საწვავი" გერმანიაში გაზის მთლიანი მოხმარების ნახევარს შეადგენს.
„უახლოეს მომავალში გაზის მიწოდების აკრძალვა ნაკლებად სავარაუდოა“, - თვლის სტანისლავ მიტრახოვიჩი. - თავად რუსეთს შეუძლია შეწყვიტოს გაზის მიწოდება ნავთობის ემბარგოს საპასუხოდ, რადგან რუსეთი ძირითად ფულს კვლავ ნავთობიდან შოულობს. და თუ რუსეთს მაინც „ჩა ხსნიან“ ნავთობისგან, მაშინ, პრინციპში, მოსკოვს შეუძლია თამაშში ფსონების ამაღლება და გაზის მიწოდების თავად სეწყვეტა. შემდეგ კი უკვე მოუწევს ელოდოს მოლაპარაკებებს ევროპასთან მიწოდების განახლების ვადებთან დაკავშირებით.
„დასავლეთისთვის ყველაზე დიდი პრობლემა რუსულ გაზზე დამოკიდებულებაა“, - ამბობს იგორ იუშკოვი. - იმიტომ, რომ აქ გაყიდვების ბაზრების გაცვლა - როგორც ნავთობისა და ნახშირის შემთხვევაში - რთული ლოგისტიკის გამო ვერ მოხდება. თუ ზოგიერთი ევროპული კომპანია უარს იტყვის რუსულ გაზზე, მაშინ რუსეთს მოუწევს მოპოვების შემცირება. მომხმარებლებისთვის ეს ნიშნავს, რომ გლობალურ ენერგობალანსში დაუყოვნებლივ წარმოიქმნება უზარმაზარი ხვრელი“.
გაზი დღეს უკვე დეფიციტშია და რუსეთიდან მიწოდების აკრძალვისა და მის შიგნით წარმოების შემცირების შემთხვევაში, ის კიდევ უფრო დეფიციტური გახდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ფასებს, ამბობს ექსპერტი.
ფროლოვის თქმით, რუსეთიდან ევროკავშირს ყოველწლიურად დაახლოებით 150 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება მილსადენებით, რაც ევროკავშირში გაზის მთლიანი მოხმარების დაახლოებით მესამედია.
„აღსანიშნავია, რომ მილსადენის მიწოდებით ამ მოცულობების ჩანაცვლების ფიზიკური შესაძლებლობა არ არსებობს. ანუ ნორვეგიამ, რომელსაც ევროპაში ვიღაც პერსპექტიულ მწარმოებლად თვლიდა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს რუსეთი, უკვე მიაღწია მაქსიმუმს - მიაღწია იმ დონეს, რომელზე მაღლა ასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს არის წარმოების დონე დაახლოებით 125 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. ეს საკმაოდ მაღალი დონეა, მაგრამ ამ მოცულობის 120 მილიარდი კუბური მეტრი უკვე მიეწოდება ევროკავშირს. ნორვეგიას არ შეუძლია სადღაც იმდენივე აიღოს, რათა რუსეთიდა მიწოდების კომპენსაცია მოახდინოს“, - ამბობს ალექსანდრ ფროლოვი.
მისი თქმით, რამდენიმე ათეული წლის წინ, რუსულ გაზზე უარის თქმის მიზნით, ევროკავშირმა პროექტი „ნაბუკო“ სეიმუშავა, რომელსაც კასპიის რეგიონიდან ევროპაში გაზის მიწოდება უნდა უზრუნველეყო. მაგრამ პროექტი არ განხორციელებულა, რადგან ბევრი ქვეყნისთვის ჩინეთი ბევრად უფრო მიმზიდველი გაყიდვების ბაზარი აღმოჩნდა.
„თუმცა, აზერბაიჯანიდან მიწოდება სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით მაინც დაიწყო, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. მნიშვნელოვნად გაიზარდოს გაზის მოპოვება აზერბაიჯანში და, უფრო მეტიც, გაიზარდოს მიწოდება ევროკავშირში, უბრალოდ, შეუძლებელია — ანუ ბაქო ვერ შეძლებს რუსეთის 150 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ჩანაცვლებას", — თვლის ალექსანდრ ფროლოვი.
როგორც ის აღნიშნავს, დღეს ევროპა ალჟირს, როგორც პერსპექტიულ მწარმოებელს, ისე უყურებს. „მაგრამ მოხმარება იზრდება თავად ალჟირშიც და მეორეც, ალჟირის შესაძლებლობა, გაზარდოს მიწოდება, ასევე ძალიან შეზღუდულია. რაღაც ხომ უშლიდა ხელს ალჟირს გაზის დიდი მოცულობის მიწოდებაში წინა წლებში?“ — კითხულობს ექსპერტი.
გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირმა ძირი გამოუთხარა მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებლის — ლიბიის სტაბილურობას, საიდანაც წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიედინებოდა, მაგალითად, იტალიაში.
რუსული მიწოდების შესაძლო ალტერნატივა, მისი აზრით, შეიძლება იყოს ისეთი მიმართულება, როგორიცაა LNG (თხევადი ბუნებრივი აირი), მაგრამ აქაც არის მთელი რიგი პრობლემები.
„ევროპათავისი ენერგეტიკული სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარ თავზე, როგორც შემსყიდველ ბაზარზე, ცრუ წარმოდგენიდან გამომდინარე აგებდა, რომლისთვისაც ენერგორესურსების მიმწოდებლები იბრძოლებდნენ. თითქოს მათ უბრალოდ უნდა მისცემოდათ წარმატებული კონკურენციის ინსტრუმენტები, შექმნილიყო თამაშის ისეთი წესები, რომ ვერცერთ მოთამაშეს ვერ შეძლებოდა დომინირება, ხოლო მსურველებს ერთმანეთისთვის იდაყვის წაკვრა, ფასების დაწევა და მყიდველებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შეთავაზება შეძლებოდათ“, — განმარტავს ექსპერტი.
მისი თქმით, სწორედ ამიტომაც აღმოჩნდა ევროპული LNG ტერმინალების დატვირთვა ესოდენ დაბალი. საკუთარ თავზე, როგორც ბაზარზე, ცრუ წარმოდგენის გამო. LNG-ის მიმწოდებლებისთვის ყველაზე მიმზიდველი ბაზარი არის აზია, სადაც LNG-ის მარაგების ¾ გადის, ხოლო ევროპა მხოლოდ წილს იკავებს დარჩენილ მეოთხედში, ამბობს ალექსანდრ ფროლოვი.
ფროლოვი თვლის, რომ ევროპის, როგორც ბაზრის დაბალი მიმზიდველობა, პლუს ის, რო ევროპას არ სურს, გადაიხადოს იმდენი, რამდენსაც აზიას იხდის, ზოგადად წინასწარ განსაზღვრავს იმ ფაქტს, რომ დამატებითი LNG ტერმინალების აშენების შემთხვევაშიც კი, რომლებსაც მთელი მოცულობის კომპენსირება შეუძლიათ, ფაქტი არ არის, რომ ეს 150 მილიარდი დამატებითი მიწოდება ევროპაში მივა.
იმაზე საუბრისას, თუ რა ზარალი შეიძლება განიცადოს ევროკავშირმა რუსეთიდან გაზის მიწოდების აკრძალვის შემთხვევაში, სტანისლავ მიტრახოვიჩი პირველ რიგში გამოყოფს მრეწველობის პრობლემებს.
„გააჩერებენ ინდუსტრიის მნიშვნელოვან ნაწილს - ქიმიურ, მეტალურგიულ, მანქანათმშენებლობას. შესაძლოა, გაზის მოხმარების რაციონირების შემოღება საჯარო სექტორშიც დაიწყოს, თუ ელექტროენერგია არ იქნება საკმარისი“, — აღნიშნავს ის.
„გაზის ალტერნატიული მიმწოდებლების ძიებას წლები სჭირდება, ამიტომ ევროპას აქ და ახლა რუსულ გაზზე უარს ვერ ამბობს. ეს გამოიწვევს რეგიონში ცხოვრების დონის რადიკალურ გაუარესებას“, — ამბობს იგორ იუშკოვი. - ბიზნესი გაჩერდება, შეფერხდება ელექტროენერგიის მიწოდება. დიდი პრობლემა იქნება გათბობის სეზონის გადალახვა - მოუწევთ სამრეწველო საწარმოებისთვის გაზის მიწოდების გათიშვა, დარჩება მხოლოდ მოსახლეობისა და სოციალური ობიექტების გათბობა. ბინებში კი 20 გრადუსი კი არა, 10-15 გრადუსი სითბო იქნება“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე