მიმოხილვა: ჩაანაცვლებს თუ არა ამერიკული LNG რუსულ გაზს

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიგათხევადებული გაზის რეზერვუარები
გათხევადებული გაზის რეზერვუარები - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2022
გამოწერა
სერგეი სავჩუკი
შეერთებული შტატები აგრძელებს თავისი ევროპელი მოკავშირეების დარწმუნებას, რომ რაც შეიძლება სრულად გაწყვიტონ რუსეთთან ყველა რესურს-ენერგეტიკული ურთიერთობა. თუმცა, ყველა მოწოდებისა და ზოგჯერ პირდაპირი მუქარის მიუხედავად, კოლექტიური ევროპა მოსკოვთან ურთიერთობაში კატეგორიულ უარს ამბობს ნახშირწყალბადების და, პირველ რიგში, ბუნებრივი აირის მიწოდების ჯაჭვების განადგურებაზე. ამიტომ შეერთებული შტატები აძლიერებს ზეწოლას — და სადაც მათრახი არ ჭრის, იქ მზაკვრული თაფლაკვერი ერთვება საქმეში.
ამ დღეებში ამერიკაში თხევადი გაზის (LNG) უმსხვილესი მწარმოებლის, კომპანია EQT-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ევროკავშირს აბსოლუტურად არ უნდა ეშინოდეს რუსეთთან კავშირების გაწყვეტისა, რადგან „აშშ ადვილად ჩაანაცვლებს რუსული გაზის მოცულობას. ამისათვის ამერიკელებს აქვთ შესაძლებლობაც და სურვილიც“.
ეს დაპირებები ისეთივე შთამაგონებელია, რამდენადაც შეუსრულებელი.
ასეთ ინფორმაციულ „შემოყრებს“ წმინდა პროპაგანდისტული შეფერილობა აქვს და ერთადერთ გამოყენებად დავალებას ასრულებს — მოუმზადებელ თავებში საჭირო თეზისებს დებენ, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ სრულად გამოგონილია, საკმაოდ წარმატებით არსებობს მასობრივ ცნობიერებაში. სწორედ ასე ყალიბდება ალტერნატიული რეალობა, რაც ყველაზე ნათლად მეზობელი უკრაინის მაგალითზე ჩანს, სადაც მოსახლეობას მასიურად სჯერა, მაგალითად, რომ „ნაფტოგაზმა“ უკვე სამი კვირაა, რაც რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეაჩერა.
ანტირუსული რიტორიკის ნისლის გასაქრობად ემოციებს კი არა, ფაქტებს მოვუხმობთ.
დავიწყოთ ძირითადი ციფრებით, კერძოდ, რომ ევროპის დამოკიდებულება რუსული გაზის იმპორტზე 40 პროცენტზე ოდნავ მეტია. ბოლო წლების განმავლობაში მიწოდების მუდმივი ზრდის გათვალისწინებით, 2021 წლის ბოლოსთვის, „გაზპრომი“ ელოდება, რომ მიწოდების მოცულობა დაახლოებით 200-203 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. ცივი ზამთრის, ენერგორესურსების ფასების რეკორდული ნახტომის, ასევე ევროპის ქვეყნების დაჟინებული თხოვნის გამო, გაიზარდოს გადაქაჩვები, შედეგები შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს, მაგრამ სიმარტივისა და სიცხადისთვის აწორედ ამ მაჩვენებლებს გამოვიყენებთ.
რუსული გაზის 200 მილიარდი კუბური მეტრიდან აბსოლუტური უმეტესობა მაგისტრალური მილსადენებით გაედინება, რაც მას სტანდარტულად უფრო იაფს ხდის LNG-სთან შედარებით, მაშინაც კი, თუ ტრანსპორტირების მანძილი შედარებით მცირეა — რომ აღარაფერი ვთქვათ გაზის გადამზიდავების მიერ ოკეანის გავლით მიწოდებაზე. ამ ფაქტის უარყოფას ხშირად ცდილობენ ბაზრის კოტირებების გრაფიკებითა და ციფრებით მანიპულირების გზით, მაგრამ ჩვენს სიტყვებს თავად ტობი რაისი ადასტურებს, ზემოხსენებული კომპანია EQT-ს ხელმძღვანელი.
ადვილი გამოსათვლელია, რომ ევროკავშირის ქვეყნების მიერ ბუნებრივი აირის მთლიანი მოხმარება 450-480 მილიარდ კუბურ მეტრს შორის მერყეობს. ეს მაჩვენებელი, ეკოაქტივისტებისა და ქარის წისქვილებისა თუ სხვა ფოტოელექტრული პანელების მშენებლობის ლობისტების მანტრების საწინააღმდეგოდ, წლიდან წლამდე იზრდება. ანუ, რომც წარმოვიდგინოთ, რომ რუსული გაზი საკონტრაქტო სქემებიდან რაღაც სასწაულით მყისიერად გაქრება, მაშინ სხვა მომწოდებლებს მოუწევთ არა მხოლოდ ჩაანაცვალონ ამოვარდნილი ორასი მილიარდი კუბური მეტრი, არამედ სისტემატურად გაზარდონ კიდეც მიწოდება.
რუსული გაზსადენები, მათ შორის უკრაინული სეგმენტი, პროდუქციას აწვდიან გერმანიას, საიდანაც ის უკვე მეორე მთავარ ბენეფიციარს, ავსტრიას მიეწოდება. სამხრეთ ევროპის ქვეყნები „თურქული ნაკადიდან“ იკვებებიან, რომელიც თურქეთიდან ბულგარეთში, სერბეთში, უნგრეთსა და სლოვენიაში მიდის. სხვათა შორის, იდუმალი დამთხვევით, სწორედ ეს ორი უკანასკნელი ქვეყანაა ბოლო წლებში უკრაინის გაზის მთავარი მიმწოდებლები რევერსის გზით, თუმცა მანამდე პირიქით იყო.
თუ მიწოდების სხვა წყაროებზე ვისაუბრებთ, ევროკავშირი ბუნებრივ გაზს ასევე ყიდულობს ნორვეგიიდან და ალჟირიდან. და თუ რუსეთის წილი 41%-ია, ნორვეგიისა და ალჟირის წილად 24 და 11 პროცენტიანი მაჩვენებლები მოდის, შესაბამისად. რთული არ არის გამოვთვალოთ, რომ ყველა სხვა მომწოდებლის წილი, როგორც მილსადენურისა, ისე LNG-ისა, ბაზრის მეოთხედზე ოდნავ მეტია.
კატარმა უკვე თქვა უარი ევროპაში თავისი ექსპორტის გაზრდაზე. ნიდერლანდი საერთოდ ტოვებს ბაზარს — მასიური და მზარდი დამანგრეველი მიწისძვრების გამო უკვე წელს გრონინგენის აუზში გაზის წარმოება მთლიანად შეჩერდება. ტრანსანატოლიის გაზსადენი (TANAP) აზერბაიჯანიდან მხოლოდ 16 მილიარდი კუბური მეტრია და ჩამნაცვლებელ არხად პრინციპულად ვერ ჩაითვლება.
ახლა, როდესაც არსებული გაზის კონტრაქტების სქემები და მოცულობები უფრო გასაგებია, ამერიკულ ელვარე დაპირებებს დავუბრუნდეთ.
შეერთებულმა შტატებმა მართლაც მოახდინა რაოდენობრივი ნახტომი და გასული წლის ბოლოსთვის მჭიდროდ მიუახლოვდა LNG-ის პირველ ორ მთავარ მწარმოებელს, ავსტრალიასა და კატარს, რომლებიც წელიწადში 87,5 და 77,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ათხევადებენ. დავუშვათ, რომ ამერიკელი მეფიქალეები აღებულ ტემპს შეინარჩუნებენ და ამ წლის ბოლომდე, ვთქვათ, 90 მილიარდი კუბური მეტრის წარმოებას შეძლებენ. ეს მაჩვენებელი, თუნდაც ამერიკის წარმოების ძალების მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში, ორჯერ ნაკლებია რუსული გაზის მოცულობაზე, რომელიც ევროპას ყოველწლიურად სჭირდება ნორმალური ცხოვრების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, მაშინაც კი, თუ მთელი ამერიკული LNG ევროპაში გაიგზავნება (აზიის პრემიუმ ბაზრების სრული იგნორირებით), ეს მაინც არ იქნება საკმარისი.
ცალკე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თავად შტატები რჩება გაზის მთავარ მსოფლიო მომხმარებლად. შეერთებული შტატები ყოველწლიურად 860 მილიარდ კუბურ მეტრ ცისფერ საწვავს მოიხმარს. შედარებისათვის: ეს ორჯერ მეტია, ვიდრე რუსეთი მოიხმარს და სამჯერ მეტი, ვიდრე მილიარდ-ნახევრიანი ჩინეთი. სისულელე იქნება ვიფიქროთ, რომ მათი მძლავრი LNG ინდუსტრია ბაზრებზე საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ამერიკულ ენერგიას არ დააზღვევს.
დავამატებთ იმასაც, რომ LNG წარმოების შემდგომი ზრდა შეერთებულ შტატებში ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამ ვითარებაში იუმორი ისაა, რომ ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამერიკელი გარემოსდამცველები — მმართველი დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერით, რომელიც აქტიურად ეწევა მწვანე დღის წესრიგის პროპაგანდას.
თანამედროვე გარემოსდაცვითი დოქტრინა LNG-ის წარმოებას და ტრანსპორტირებას გარემოსთვის საზიანოდ მიიჩნევს, რადგან ჰაერში დიდი რაოდენობით მეთანი ხვდება, რომელიც ატმოსფეროს ჩვეულებრივ ნახშირორჟანგზე ორმოცდაათზე მეტჯერ ახურებს. ამ დროისათვის, ამ მიზეზების გათვალისწინებით, 14 ახალი საწარმოო ხაზის მშენებლობა და გაშვება ძალიან საეჭვოა.
დაბოლოს, შეუძლებელია არ აღინიშნოს წმინდა ფიზიკური პრობლემები მიწოდების ჯაჭვის მეორე ბოლოში. საუბარია ევროპის ქვეყნების მიერ მეტი თხევადი გაზის მიღების შესაძლებლობაზე. გათხევადებული ბუნებრივი აირის რეგაზიფიკაციისთვის მაქსიმალური სიმძლავრეები პორტებში აქვთ საფრანგეთს, ესპანეთს და დიდ ბრიტანეთს, რომელმაც ევროკავშირი დატოვა. თითოეულ ქვეყანას შეუძლია მიიღოს, გარდაქმნას და მომხმარებლებს გაუგზავნოს დაახლოებით 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. რაც შეეხება გერმანიას, გაზის უმსხვილეს მომხმარებელსა და იმპორტიორს, გერმანელებს ერთი LNG ტერმინალიც კი არ გააჩნიათ.
როგორც ხედავთ, ამერიკელების ყველა დაპირება, რომ ევროპას უკვე ხვალ გაათავისუფლებენ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან, სხვა არაფერია, თუ არა პათოსური ბუფონადა. გახსოვდეთ ეს, როდესაც მორიგ ახალ ამბავს მოისმენთ, რომ ევროპელებს რუსული ენერგორესურსები აღარ სჭირდებათ, რომლისთვისაც დასავლეთმა მოსკოვს 13 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუხადა უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების მომენტიდან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0