თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში, სადაც დეპუტატების გარდა იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები, დიპლომატები და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, ოპოზიციონერებმა არაერთმნიშვნელოვნად შეაფასეს.
თავისი გამოსვლის ძირითადი ნაწილი ზურაბიშვილმა დაუთმო იმას, თუ როგორ „სცოდავენ ქვეყნის წინაშე“ ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც, ხოლო მათი ურთიერთბრალდებები ქვეყანას ვნებს. პრეზიდენტმა მხარეებს მოუწოდა, უარი თქვან დაპირისპირებაზე და გამოწვევებთან ბრძოლაში გაერთიანდნენ.
„მადლობა პრეზიდენტს“
ზურაბიშვილს ერთ-ერთმა პირველმა გადაუხადა მადლობა ყოფილმა პრემიერმა, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ.
„მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც დღეს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ღირსეულად გააჟღერა ქართველი ერის ხმა“, – დაწერა გახარიამ თავის „ფეისბუქ“-გვერდზე.
პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წევრი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას აბსოლუტურად დამსახურებული „მჭლე სამიანი“ დაუწერა.
„პარლამენტში პრეზიდენტის ძალიან ბევრი მოხსენება მომისმენია. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მოხსენება იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ადეკვატური და სახელმწიფოს მეთაურისებრი. ანუ მცდელობა იმისა, რომ ყველამ ერთად რაც შეიძლება კომპლექსურად დავინახოთ პრობლემები, რაც გვაქვს და დავინახოთ გამოსავალიც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას აზრით, პრეზიდენტის სიტყვა შინაარსობრივად პრიმიტიული იყო, თუმცა დეპუტატებმა უნდა გაითვალისწინონ მისი რჩევა შერიგებასთან დაკავშირებით.
„ფაქტობრივად, სიტყვა, რაც მომზადებული მქონდა, ძირითადი მესიჯები, რაც უნდა მეთქვა, ამ დარბაზში უკვე გაჟღერდა პრეზიდენტის მიერ, რის გამოც მინდა მადლობა ვუთხრა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ტურნესთან დაკავშირებით
ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოფიციალურ ვიზიტებზე მთავრობის უარის გამო მას მოუწია ევროპაში არაფორმალური, პირადი შეხვედრების გამართვა. ზურაბიშვილი შეხვდა რამდენიმე ქვეყნის პირველ პირს და ევროკავშირის ხელმძღვანელობას რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ.
„მის მიერ უკმაყოფილება გამოითქვა, რომ ის იყო ევროპაში, შეხვდა სხვადასხვა თანამდებობის პირს, პრეზიდენტებს. უნდოდა, რომ პარლამენტს მოესმინა მისი მოგზაურობის შედეგები, რა გაკეთდა და რა არის საჭირო. ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მას განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.
ინჯიას თქმით, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი უნდა შეუთანხმდეს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს – მათ, ვინც განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას.
კრიტიკა
უარყოფითად შეაფასა ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ. მისი თქმით, პრეზიდენტი უფრო ობიექტური უნდა იყოს და არ უნდა გაათანაბროს ხელისუფლებისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობა.
პრეზიდენტის ბრალდება არ მიიღო აგრეთვე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, საუბარი იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია დადის დასავლეთში და ქვეყნის „შავ პიარს“ ახორციელებს, არასწორია. ამ შემთხვევაში ისინი ცდილობენ, რომ აჩვენონ მეორე, ნამდვილი და არა მშიშარა საქართველო.
ის, როგორც უგულავა, ფიქრობს, რომ თუ ზურაბიშვილს ნამდვილად სურს მხარეების შერიგება და საქმის კეთება, მან მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.